საერთო სამხედრო დაჯგუფება

ფანჯიკიძე: აბაშიძე და კარასინი ილაპარაკებენ არა ხილ-ბოსტანზე, არამედ აფხაზეთზე

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში უმჯობესია აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაიმართოს. როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი სწორედ რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის თაობაზე ხელშეკრულების შესახებ ისაუბრებენ. 

"მე ვფიქრობ, რომ პირიქით, ასეთ ვითარებაში უფრო უკეთესია შეხვედრის ჩატარება. ბუნებრივია, აბაშიძე და კარასინი ხვალ არ ილაპარაკებენ ღვინოსა და ხილ-ბოსტანზე, არამედ ილაპარაკებენ, პირველ რიგში, სწორედ ამ თემაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ფორმატი, სადაც მსგავსი საკითხები განიხილება, ძალიან ძნელი იქნება ისინი გადავიდნენ ჰუმანიტარულ ურთიერთობებსა და ეკონომიკურ კავშირებზე, მაშინ, როცა ასეთი სერიოზული შეშფოთების საგანი არსებობს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ყველა ფორმატი ძალიან ღირებულია. 

ცნობისთვის, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ  ხელშეკრულების გაფორმების ინიციატივის ფონზე თბილისში კრიტიკა მოჰყვა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების აბაშიძე-კარასინის ფორმატს. პარლამენტის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელმა თედო ჯაფარიძემ პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს მოლაპარაკებების ჩაშლისკენ მოუწოდა, თუმცა აბაშიძის პასუხი ის იყო, რომ ჯაფარიძის განცხადება ასაკობრივია და მას მუხრუჭებმა უმტყუნა.

ზურაბ აბაშიძე კარასინთან შესახვედრად უკვე გაემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფორმატი არ ითვალისწინებს პოლიტიკური საკითხების განხილვას, შეხვედრაზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებას განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების პროექტი ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ განსახილველად დეფაქტო ხელისუფლების პარლამენტში განსახილველად გუშინ შევიდა. პროექტი ითვალისწინებს საერთო სამხედრო დაჯგუფების შექმნას, რომელსაც რუსეთი დააფინანსებს. დაჯგუფების მიზანი იქნება აგრესიის შემთხვევაში აფხაზეთის დაცვა. ასევე  საგანგებო სიტუაციის დროს მის სარდლობას რუსეთი დანიშნავს. ხელშეკრულების პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ ორი წლის ვადაში რუსეთსა და აფხაზეთს შორის სასაზღვრო კონტროლი უნდა გაუქმდეს, წელიწადნახევარში კი აფხაზეთ საბაჟო პროცედურები საბაჟო კავშირის წესებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს.

კომენტარები