დავით უსუფაშვილის სტატია

უსუფაშვილი: ივანიშვილმა სამშობლოსთვის სიცოცხლე ჯარისკაცივით გაწირა

government.gov.ge

“ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება, ტალანტი, ნიჭი და ფინანსები სამშობლოს მიუძღვნა. მისდევს შეუდარებელი მასშტაბის ქველმოქმედებას. მან რისკის ქვეშ დააყენა თავისი სიცოცხლე მსგავსად რიგითი ჯარისკაცისა, რომელიც საკუთარ ქვეყანას ემსახურება. იმ წლების რაოდენობა, რომელიც მან თავის ქვეყანაზე ზრუნვაში გაატარა, ბევრად მეტია, ვიდრე პუტინისა და სააკაშვილის ერთად აღებული”, - ვკითხულობთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სტატიაში, რომელიც  International New York Times-ში  გამოქვეყნდა.

სტატიაში უსუფაშვილი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ მოქმედებს პუტინის ინტერესებიდან გამომდინარე და საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა არ მიმდინარეობს. 

"ჩემი აზრით, ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენა და პრეზიდენტ სააკაშვილის გეგმების მარცხი სწორედ ის იყო, რაც პუტინის გეგმებში ყველაზე ნაკლებად შედიოდა", - წერს უსუფაშვილი.

"2011 წლისთვს სააკაშვილმა მოახერხა დაერწუნებინა დასავლეთი, რომ მის გარეშე საქართველო დაკარგავდა აშშ-სთან და ევროპასთან სტრატეგიულ პარტნიორობას და რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცეოდა. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ  სააკაშვილმა "დემოკრატიის შუქურის" სტატუსი დაკარგა, შეინარჩუნა "ჩვენი უალტერნატივო ბიჭის" იმიჯი", - ვკითხულობთ სტატიაში.

უსუფაშვილი წერს, რომ შიში, რომელსიც საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს სააკაშვილის საქმის უკანონოდ წარმართვასთან  დაკავშირებით გააჩნიათ, იმის ბრალია, რომ ყურადღებით არ აკვირდებიან განვითარების პროცესს, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს.

იმ მოსაზრებას, რომ სააკაშვილის საქმე კანონის უზენაესობის გათვალისწინებით არ მიმდინარეობს და მასში პუტინის ხელი ურევია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საშუალებით ცდილობს დემოკრატი ლიდერის განადგურებას, უსუფაშვილი ჰოლივუდურ სცენარს უწოდებს.

“იმის მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლაც გააზრებულად, მეთოდურად და თანმიმდევრულად მისდევდა რუსეთის ინტერესებს, ან იბრძოდა საქართველოს რუსულ ორბიტაზე დასაბრუნებლად, უმწიფარი და შეცდომაში შემყვანია. ჩემთვის შეურაცხყოფაა, როგორც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ქართული ოცნების კოალიციის თანადამფუძნებლისთვის, რომ ვამტკიცო, რომ ჩემი ყოფილი პოლიტიკური ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრემიერი სხვა ქვეყანას ემსახურებოდა და საკუთარ ქვეყანას ღალატობდა”, - წერს უსუფაშვილი.

უსუფაშვილის თქმით, ივანიშვილის უპრეცედენტო ფილანტროპული საქმიანობის გარდა, 2011 წლამდე არაფერი იყო ცნობილი მისი ღირებულებების, გეგმებისა და ფასეულობების შესახებ, თუმცა მოგვიანებით ეს ყვლაფერი სააშკარაოზე გამოვიდა და ნებისმიერი კითხვას მის შესახებ ადვილად შეიძლება გაეცეს პასუხი.

უსუფაშვილის აზრით, საქართველო ივანიშვილისთვის პირველი და უპირველესი სამშობლოა, სადაც დაიბადა და ჩვეულებრივი მომუშავე  ადამიანების ოჯახში გაიზარდა. რუსეთი კი ადგილია, სადაც ის მუშაობდა თავის აკადემიურ ნაშრომზე, სადაც ის გახდა ბიზნესმენი და თავისი ქონების უდიდესი ნაწილი დააგროვა. უსუფაშვილისვე ინფორმაციით, ივანიშვილი  რუსეთის ბიზნეს წრეებში ახსოვთ, როგორც ექსტრაორდინალური ხასიათის ადამიანი, რომელიც ვერ იტანს ნებისმიერი სახის უსამართლობას თუ უკანონობას.

კომენტარები