დავით უსუფაშვილის სტატია

ტაბულა მთავრობის ადმინისტრაციისგან უსუფაშვილის წერილზე ინფორმაციას ითხოვს

ტაბულამ მთავრობის ადმინისტრაციას International New York Times-ში დავით უსუფაშვილის წერილთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებისთვის მიმართა. ტელეკომპანია ითხოვს გამოცემის მიერ ტაბულასთვის მოწოდებული ცნობის დადასტურებას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარის წერილი გამოცემაში სარეკლამო გვერდზე რეკლამის სახით განთავსდა, შესაბამისი გრაფიკითა და სარეკლამო რეგლამენტის დაცვით. ტაბულას კიდევ ერთი მოთხოვნაა, მთავრობის ადმინისტრაციამ მიაწოდოს ინფორმაცია სტატიის დაბეჭდვაში გადახდილი თანხის ოდენობის შესახებ.

პარალელურად, ტაბულას იურისტმა ცალკე განცხადებით მიმართა მთავრობის ადმინისტრაციას და მოითხოვა სარეკლამო სტატიის გამოქვეყნებისთვის გადახდილი თანხის გასაჯაროება, თუმცა უარი მიიღო. იურისტის განმარტებით, ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გაიცეს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სტატია, სათაურით "სააკაშვილს საკუთარი წარსული დევნის და არა პუტინის "თანამზრახველი" ივანიშვილი" International New York Times-ის 16 ოქტომბრის ნომერში განთავსდა. წერილში ნათქვამია, რომ ივანიშვილი არ მოქმედებს პუტინის ინტერესებიდან გამომდინარე და საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა არ მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სტატია International New York Times-ის 16 ოქტომბრის გამოცემაში ფასიანი რეკლამის სახით განთავსდა. ტაბულას agenda.ge-ში უთხრეს, რომ International New York Times-ისგან გამომცემლობას შეტყობინება ჯერჯერობით არ მიუღია. კანცელარიაში ასევე უარყოფენ ფაქტს, რომ agenda.ge-მ სტატიის გამოქვეყნებაში ფული გადაიხადა და ადასტურებენ, რომ უსუფაშვილის სტატია თავად მიაწოდეს გამომცემლობას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, წერილი agenda.ge-ს გადასცა დასაბეჭდად და მისთვის მოულოდნელი იყო, რომ ის New York Times-ში დაიბეჭდა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ International New York Times-ის რედაქტორი და New York Times Company-ის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორი წერილობით ადასტურებენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სტატია ფასიანი რეკლამაა.

კომენტარები