მთაწმინდის რაიონის გამგეობა

მთაწმინდის რაიონის გამგებელი: "საშკა" მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზეა

ტაბულას ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილის მოვალეობას ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი ალექსანდრე სანაძე, მეტსახელად „საშკა“ ასრულებს. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, ტაბულას გამგეობის თანამშრომელმაც დაუდასტურა.

მთაწმინდის რაიონის გამგებელი გელა არჩვაძე ამ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ალექსანდრე სანაძე მუნიციპალიტეტში ჩვეულებრივ სპეციალისტად მუშაობს.

"ალექსანდრე სანოძე მუშაობს მთაწმინდის მუნიციპალიტეტში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ჩვენი მოადგილეების გვარები და სახელები საჯაროა, არც გვარი ემთხვევა და არც სახელი. მე მგონია, რომ ეს აჟიოტაჟი არ იყო საფუძვლიანი. ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ყველა დოკუმენტი დაგიდასტურებთ იმას, რომ ის არასდროს არ ყოფილა ნასამართლევი ქურდული მენტალიტეტისთვის. ასე რომ, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს" - აცხადებს არჩვაძე.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ ტაბულას გამგებლებისა და მათი მოადგილეების ვინაობების ჩამონათვალი არ მიაწოდა. პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ ამისთვის საჭიროა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა.

რაც შეეხება კონკრეტულად ალექსანდრე სანაძეს, იგივე „საშკას“, როგორც მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, გელა არჩვაძე ამ საკითხზე სატელევიზიო კომენტარს არ გააკეთებს და უნდა ვიხელმძღვანელოთ განცხადებით, რომელსაც უწყება მოგვიანებით გაავრცელებს. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი მაგდა პოპიაშვილი აცხადებს, რომ გელა არჩვაძეს სამი მოადგილე ჰყავს და მათი ვინაობები განცხადებაშიც იქნება აღნიშნული. პოპიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ გელა არჩვაძეს მსგავსი მოადგილე საერთოდ არ ჰყავს.

ტაბულა დაუკავშირდა მთაწმინდის გამგეობასაც და ალექსანდრე სანაძესთან დაკავშირება ითხოვა. გამგეობაში განმარტეს, რომ სანაძე არაა გამგებლის მოადგილე და მუნიციპალიტეტშია დასაქმებული. მოგვიანებით ყურმილთან ვინმე „საშკას“ უხმეს (რაც სატელეფონო ჩანაწერშიც ისმის). ალექსანდრე სანაძემ, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ტაბულადან ურეკავდნენ, ტელეფონი გათიშა.

შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი ფირცხალავას ინფორმაციით, ალექსანდრე სანაძე, მეტსახელად „საშკა", 2006 წელს დააკავეს.

კომენტარები