საჯარო ფინანსები

მთავრობის ადმინისტრაცია: პრემიერმა გაეროში ვიზიტისას 300 000 ლარამდე დაზოგა

სასტუმრო მანდარინ ორიენტალის ნომერი ნიუ იორკში
Mandarin Oriental

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მაია ცქიტიშვილმა ვიზიტის ხარჯების შესახებ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერს აშშ-ში არც ერთი ვიზიტისას კერძო თვითმფრინავით არ უსარგებლია.

„დაიზოგა დაახლოებით 300 ათას ლარამდე. ეს იყო პრემიერის პირადი გადაწყვეტილება, რომ არ დაგვექირავებინა კერძო თვითმფრინავი. ასევე, მთელი სახელმწიფო დელეგაცია, ბუნებრივია, ჩვეულებრივი თვითმფრინავით გაემგზავრა. რაც შეეხება ბილეთებს, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს გავლენა საერთაშორისო ფრენების ტარიფებზე. პრემიერთან შეთანხმების გარეშე, ჩვენ გადავწყვიტეთ, მთავრობის მეთაურისთვის შეძენილი ყოფილიყო პირველი კლასის ბილეთი", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მთავრობის და დელეგაციების მეთაურების ვიზიტისას პროტოკოლით გათვალისწინებულია შესაბამისი სასტუმროები, რაც ქვეყნის იმიჯის საკითხია. როგორც მაია ცქიტიშვილმა განმარტა, გაჟღერებულ სასტუმროში აღებული იყო მხოლოდ 3 ნომერი, ხოლო საქართველოს დელეგაციის წევრები განთავსდნენ 4 და 3 ვარსკვლავიან სასტუმროებში.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი დამახინჯებულს უწოდებს ენმ-ის მიერ გავრცელბულ ინფორმაციას და ამბობს, რომ მინი ბარისთვის არ დახარჯულა არც ერთი თეთრი, ხოლო დანარჩენი თანხა დახარჯული იყო მხოლოდ ოფიციალურ სადილებისა და შეხვედრების მომსახურებაში.

შეგხსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერის და სამთავრობო დელეგაციის ნიუ იორკში ვიზიტში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ამის შესახებ ნადირაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ 34-კაციანი დელეგაციიდან, მას ხელთ მხოლოდ 16 ადამიანის სამივლინებო ხარჯი აქვს. დეპუტატის თქმით, სწორედ 16 ადამიანის ნიუ იორკში ვიზიტი დაჯდა 562 965 ლარი.

კომენტარები