სოფელი მოხე

იმამი: ვნანობ, რომ ხმა მივეცი ხელისუფლებაში არაკომპეტენტური ადამიანების მოსვლას

0 კომენტარი

ჭელას იმამის ჯამბულ აბულაძის განცხადებით, ის ნანობს, რომ არჩევნებზე მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას, რადგან მისი შეფასებით, ხელისუფლებაში არაკომპეტენტური ადამიანები მოვიდნენ. აბულაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა ფოკუსში ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ძველი მეჩეთის შენობასთან მუსლიმების დაკავებასა და ყოფილი სამლოცველოს დემონტაჟის მცდელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი მუსლიმები 2007 წლიდან უშედეგოდ ითხოვენ, ძველი მეჩეთის შენობის სამუფთოს სამმართველოსთვის გადაცემას. იმამის განცხადებით, მათ იმედი ჰქონდათ, რომ პრობლემა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მაინც მოგვარდებოდა, თუმცა, მისი თქმით, მოტყუვდნენ. მან ასევე შეშფოთება გამოთქვა დღეს დაკავებული მუსლიმების გამო და აღნიშნა, რომ "ერთ-ერთ ქალბატონს პოლიციელმა თავი გაუხეთქა და საავადმყოფოში გადაიყვანეს". იმამის შეფასებით, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას. მისივე თქმით, დღეს მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ახალციხის გუბერნატორს აკაკი მაჭუტაძეს, რომელიც აბულაძის ცნობით, ინდივიდუალურად მოქმედებს რეგიონში და ხელოვნურად ძაბავს სიტუაციას.

"მე მახსენდება ბიძინა ივანიშვილის სიტყვები და მინდა, მოვინანიო ამ ეთერშიც. მან თქვა - ისეთ დემორატიას ავაშენებ, ევროპასაც კი გავაოცებო. ჩვენ დემოკრატია კი არ მივიღეთ, საქართველო საით მიექანება წარმოუდგენელია. მე ხმა მივეცი სწორედ ცვლილებებს და დღეს ვნანობ ამას, იმიტომ რომ მწარედ შევცდი და ხელისუფლებაში მოვიდნენ არაკომპეტენტური ადამიანები, რომლებსაც არ აინტერესებთ მოქალაქეთა აზრი, ამ შემთხვევაში ქართველი მუსლიმების აზრი, რომლებიც განსაკუთრებით დაჩაგრულები ვართ. დღეს ადგილობრივი მუსლიმთა საზოგადოების სახელით გამოგვგზავნეს თბილისში, რომ შევხვედროდით პრემიერს. საუბარია, რომ 2007 წლიდან უშედეგოდ ვცდილობთ ამ შენობის გადმოცემას მუსლიმთა სამმართველოსთვის. ბოლო პერიოდში, როცა ქვეყანა დაადგა დემოკრატიის გზას, იმედი გვქონდა, რომ ახლა მაინც ეშველებოდა პრობლემას და დაუბრუნდებოდა კანონიერ მფლობელს. თუმცა, მწარედ შევცდით და მწარედ მოგვატყუეს" - განაცხადა ჭელას იმამმა.

ჯამბულ აბულაძის ინფორმაციით, ქართველი მუსლიმები შეხვდნენ ახალციხის გუბერნატორს აკაკი მაჭუტაძესაც, რომელიც მისი თქმით, ჭელას მინარეთის დემონტაჟის დროს იყო უსაფრთხოების სამსახურში, მაღალ თანამდებობაზე იმყოფებოდა და "სწორედ მისი ინიციატივა იყო მინარეთთან განვითარებული მოვლენები". იმამის განცხადებით, მაჭუტაძესთან შეხვედრას ოთხ თვეს ითხოვდნენ, თუმცა, მასთან შეხვედრა "უბრალოდ ქურდულ გარჩევას ჰგავდა და გვესაუბრებოდა ჟარგონებით". 

ფოკუსის კითხვაზე, იყო თუ არა გუბერნატორის მხრიდან ზეწოლა, აბულაძეს პასუხობს - "რა თქმა უნდა". მისი ინფორმაციით, "მაჭუტაძემ გვითხრა, რომ ჩვენ როგორც გვინდა, ისე იქნებაო".

"კარგა ხანია, 500 ადამიანი ვითხოვთ, რომ მეჩეთი რადგან არის სამლოცველო არ შეიძლება კლუბის ან ბიბლიოთეკის გახსნა. კომუნისტური რეჟიმის დროს მრავალ ეკლესიაშიც გახსნეს კლუბი. ჩვენ თუ ვაყალიბებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს და ალბათ, აღარ არის ახლა კომუნისტური სისტემა, მაგრამ დიდადაც აღარ განსხვავდება, როგოც ვატყობ... ჩვენ ავირჩიეთ დემოკრატიის გზა, ამიტომ, ყველა ითხოვს თავის საკუთრებას. ეს ბუნებრივია და ამიტომ, ჩვენ მოვითხოვეთ კანონის საფუძველზე, რომ აღნიშნული შენობა რადგან არის მეჩეთი, დაუბრუნდეს სამუფთოს სამმართველოს. იმ სოფელში ფუნქციონირებს მეჩეთი და ჩვენ მისი მეჩეთად გადაქცევა არც გვიცდია, უბრალოდ, გათავისუფლდეს იმ მდგომარეობიდან, რაშიც იმყოფება. გასუფთავდეს, გადაიხუროს და სამუფთოს სამმართველოს ბალანსზე იყოს" - თქვა ჯამბულ აბულაძემ ტაბულას ეთერში.

ცნობისთვის, ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ძველი მეჩეთის შენობასთან რამდენიმე ათეული სამართალდამცველია მობილიზებული. ისინი ცოცხალი ჯაჭვით იცავენ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის სამუშაოებს, რომელმაც წარსულში მუსლიმური თემის კუთვნილი საკულტო ნაგებობა უნდა დაანგრიოს და იმავე ადგილას კულტურის ცენტრი ააშენოს. ამ დროისთვის შენობის დასუფთავება მიმდინარეობს. ადგილობრივების თქმით, შესაძლოა მალე დემონტაჟიც დაიწყონ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ მოხეში პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირებისას 14 პირი დააკავეს, აქედან 3 პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისათვის (სისხლის სამართლის კოდექსი), ხოლო 11 წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი).

ადგილობრივმა მცხოვრებმა ოთარგ გორგაძემ ტაბულას განუცხადა, რომ პოლიციამ მამაკაცს შეაგინა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მისივე ინფორმაციით, სასტიკად ნაცემია რამდენიმე ადამიანი. გორგოძე ტაბულას უყვება, რომ სამართალდამცველებმა მოქალაქეებს, რომლებიც ინციდენტს იღებდნენ, მობილური ტელეფონები ჩამოართვა და დაუმტვრია.

დღეს მთავრობის კანცელარიაში სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, ჭელის იმამი ჯამბულ აბულაძე და სამცხე-ჯავახეთის მუსლიმური თემის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მუსლიმები უკმაყოფილებას გამოხატავენ რელიგიის სააგენტოსა და პრემიერმინისტრის მიმართ. მათი თქმით, ისინი ვერ იგებენ რა ფუნქცია აქვს აღნიშნულ სააგენტოს და რატომ იტყუება პრემიერი. რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელმა ვლადიმერ ნარსიამ კი, ტაბულას განუცხადა, რომ სახელმწიფო კანონის შესაბამისად მოქმედებს, ხოლო დაკავებულები პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები