საბიუჯეტო სახსრები

დანელია: Iphone 6-ის საფასური ჩემი პირადი ანგარიშიდან უკვე დავფარე

ოთარ დანელია
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მობილური ტელეფონის - IPhone 6-ის შეძენის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ტელეფონის საფასური უკვე დაფარა პირადი ანგარიშიდან.

"მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ კონკრეტული პარამეტრის ტელეფონის შეძენა განპირობებული იყო სამსახურებრივი საჭიროებით და განხორციელდა კანონის სრული დაცვით, ამას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. აღნიშნული ტელეფონის საფასური უკვე დაფარულია ჩემი პირადი ანგარიშიდან, ვინაიდან თითოეული მოქალაქის აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა დანელიამ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, ოთარ დანელიასთვის 1739- ლარიანი მობილური 15 ოქტომბერს შეიძინეს, მას შემდეგ, რაც ოთარ დანელიას Iphone 5 გაუფუჭდა. მობილური ტელეფონის შეძენა კი, აიფონ+-სთან გამარტივებული შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით მოხდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ასეთი შესყიდვები კანონიერია და მობილური ტელეფონი სახელმწიფო საკუთრებაშია, უბრალოდ, ის ოთარ დანელიას ეკუთვნის მანამ, სანამ ის მინისტრია.

კომენტარები