აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

სახ. დეპარტამენტი: შეშფოთება ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე ძალაში რჩება

0 კომენტარი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრების მიმართ სასამართლო განაჩენს გამოეხმაურა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ჯენ ფსაკის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამოძიება ღიად და გამჭვირვალედ ჩაატაროს და თავიდან აიცილოს იმის აღქმაც კი, რომ ხელისუფლება სასამართლო სისტემას პოლიტიკური შურისძიებისთვის იყენებს.

"ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას, რომელიც პატივს უნდა სცემდეს პოლიტიკური პლურალიზმისა და ღია დებატების პრინციპს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ წარსულშიც გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება ზოგიერთი საქმის აღსრულებასთან დაკავშირებით და ახლაც ეს შეშფოთება ძალაში რჩება", - ვკითხულობთ სპიკერის განცხადებაში.

ფსაკის განმარტებით, საქმეები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ზოგადი შეფასებით შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გამოხატა შეშფოთება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით.

"როდესაც მივუთითებთ კანონის უზენაესობის აღსრულებისკენ, სასამართლო სისტემას კი მოვუწოდებთ საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებითა და სტანდარტებით ფუნქციონირებისკენ, ეს მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ჩვენი რწმენით, გარკვეულ შემთხვევებში ეს ნორმები არ სრულდება", - აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ყოფილი პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს 22 ოქტომბერს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას საქალაქო სასამართლომ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი 2006 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ექვსი პატიმრის არაადამიანურ მოპყრობასა და ახალაიას მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას უკავშირდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები