თბილისის საკრებულო

კალაძის ცოლისძმა მერიის ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსად დაინიშნა

timer.ge

თბილისის საკრებულომ კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მერიის სამი საქალაქო სამსახურის უფროსი დანიშნა, მათ შორის, ვიცეპრემიერის კახი კალაძის ცოლისძმა გიორგი არეშიძე.

კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გელა ჩივიაშვილი იყო წარდგენილი, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე - ია მაქაცარია, ხოლო მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თანამდებობაზე - გიორგი არეშიძე. საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა სამივე წარდგენილ კანდიდატს ერთხმად დაუჭირეს მხარი. 

სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე გიორგი არეშიძის კანდიდატურის განხილვას ხმაური მოჰყვა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებოდნენ. როგორც ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, გიორგი არეშიძე ამ თანამდებობაზე მხოლოდ იმიტომ ინიშნება, რომ ის კალაძის ცოლისძმაა. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ განაცხადა, რომ გიორგი არეშიძე ამ თანამდებობაზე შეირჩა მხოლოდ იმ ნიშნით, რომ დიდი გამოცდილება აქვს. თავად გიორგი არეშიძემ კი განაცხადა, რომ იგი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს საკუთარი სახელით და გვარით და არა ისე, როგორც კახა კალაძის ცოლისძმა. 

კომენტარები