პრემიერის გამოსვლა

პრემიერი აფხაზებს და ოსებს: გქონდეთ ავტონომია ერთიანი საქართველოს ფარგლებში

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას "ერთიანი და ძლიერი საქართველოს ფარგლებში ავტონომიას" სთავაზობს. ირაკლი ღარიბაშვილმა ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას უტოპიური გეგმა უწოდა. მთავრობის ორწლიანი საქმიანობის შეფასებისას, პრემიერმა აფხაზებს და ოსებს მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს დიდი წინსვლის პერსპექტივა, "მაგრამ არ გვინდა, განვვითარდეთ თქვენ გარეშე". მან აფხაზებს აფხაზური ენის დღეც მიულოცა და განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ ევროპული პერსპექტივის მქონე საქართველოში შეძლებენ თავისი ენისა და კულტურის შენარჩუნებას.

"მე მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო ჩვენი ხედვა. ჩვენ მართლაც გვსურს, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში. მე მინდა, მათ კიდევ ერთხელ კარგად გააცნობიერონ, იფიქრონ მათ შვილებზე, მომავალ თაობაზე. როგორ ხედავენ ისინი პერსპექტივას, როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს გარეშე ცხოვრება, განვითარება, წინსვლა. ძალიან რთულია, როცა სხვის ტერიტორიაზე მოინდომებ ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. არ მოხდება ეს, მეგობრებო, არასოდეს არ მოხდება. ეს არის მიუღწეველი, უტოპიური გეგმა, რომელსაც არც ჩვენი თაობა, არც მომავალი თაობა არასოდეს არ შევეგუებით. იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ძირძველი მიწა-წყალი, ჩვენი ტერიტორია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი სისხლით შემოგვინახეს დღემდე. თქვენ ვერ იქნებით ბედნიერი ჩვენ გარეშე და ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერი თქვენ გარეშე. ჩვენ მართლა გვსურს, რომ აღდგეს ნდობა ჩვენ შორის. მძიმე წარსული გადავიტანეთ, იყო ძალიან მძიმე შეცდომები, მაგრამ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და გთავაზობთ, რომ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში. მჯერა, რომ თქვენ შეიძლება ჯერ კიდევ გაქვთ ნდობის პრობლემა. მაგრამ შეხედეთ ჩვენს პოლიტიკას, შეხედეთ ჩვენს მიდგომას, ჩვენს რიტორიკას და ჩვენს საქმეს. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ ყველას, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს! - კიდევ ერთხელ კარგად გააანალიზეთ და დაფიქრდით, რომ ეს არის ერთიანი საქართველოს ტერიტორია. თქვენ იყავით ავტონომიური რესპუბლიკა და ჩვენ გთავაზობთ იმავეს - გქონდეთ ავტონომია, მაგრამ ერთიანი, დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველოს ფარგლებში და ვიცხოვროთ მშვიდად. ეს არის ჩემი კიდევ ერთ ძმური და მეგობრული შემოთავაზება“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები