მთავარი პროკურატურა

პროკურატურამ გაფლანგვის ბრალდებით თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნები დააკავა

მთავარი პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის პირები დააკავა. საბიუჯეტო თანხების - 4 102 872 ლარის გაფლანგვის ბრალდებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარმა პროკურატურამ დააკავა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

გამოძიების ვერსიით, 2013 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ცნობილი გახდა, რომ სს სილქნეტი, კერძო სამეწარმეო მიზნებისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეული მიმართულებით გეგმავდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას. მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედმა თანამდებობის პირებმა: გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, ნუგზარ კაიშაურმა და დავით წიფურიამ განიზრახეს სს სილქნეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვა.

"დანაშაულის შესანიღბად, გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, ნუგზარ კაიშაურმა, დავით წიფურიამ და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა, ვითომდა ბაზრის საკვლევად და შესაძენი ქონებისა და მომსახურების მისაღებად საჭირო ყველაზე დაბალი ფასის განსასაზღვრად, გამოაცხადეს საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ, სადაც მონაწილეობის მისაღებად 2013 წლის 27 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტმა მოწვევა სს სილქნეტთან ერთად გაუგზავნა საქართველოში მოქმედ ცხრა კომპანიას, რომლებსაც წინადადებების წარმოსადგენად ვადა მიეცათ 5 სექტემბრამდე. ვინაიდან ხსენებული სამუშაოს შესასრულებლად თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა არარეალურად მოკლე ვადა, ოთხმა კომპანიამ შეძლო მხოლოდ ზოგადი ხარჯთაღრიცხვის წარდგენა. 2013 წლის 5 სექტემბერს, დანიშნულ დროს, თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას, მოხდა კომპანიების მიერ წარმოდგენილ წინადადებებში დაფიქსირებული მხოლოდ მისაწოდებელი ფასის გამოცხადება, იმავე თარიღით შეადგინეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაგისტრალური ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის და აპარატურული უზრუნველყოფის შემოთავაზების გახსნის ოქმი, რომლის მიხედვითაც, თითქოს წინადადებები გაიხსნა ტრანსპარანტული წესების დაცვით და გადახედილი იქნა წარმომადგენლების თანდასწრებით. რეალურად, წინადადებები უკვე გახსნილი იყო და პრეტენდენტებს, მიუხედავად მათი მოთხოვნისა, არ გააცნეს ერთმანეთის შეთავაზებები", - აცხადებს მთავარი პროკურატურა და აღნიშნავს, რომ საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას თავდაცვის სამინისტროს ხსენებულმა თანამდებობის პირებმა მიიღეს ყველა ზომა, რომ სს სილქნეტისთვის უპირატესობის მინიჭებით და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებით, "რაც გამოიხატებოდა სხვა კომპანიებისათვის ქონებაზე და მომსახურებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში", ამ უკანასკნელს გაემარჯვა გამოცხადებულ საიდუმლო შესყიდვაში.

"წინადადებების განხილვისას და შემდგომ ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდში გიზო ღლონტმა, ნუგზარ კაიშაურმა და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა სხვა კომპანიების წარმომადგენლებს განზრახ არ მისცეს ინფორმაცია - გაეგოთ, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით დააფიქსირა სს სილქნეტმა დაბალი ფასი, ასევე სხვა სახელმწიფო სამსახურებში შეგნებულად არ გაარკვიეს ანალოგიური ქონების შეძენის პირობები და ღირებულება, რადგან აღნიშნული მომსახურების და საქონლის შეძენა ბაზარზე შესაძლებელი იქნებოდა გაცილებით შეღავათიან ფასად შესყიდვაში მონაწილე სხვა კომპანიებისგან. 2013 წლის 26 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ სს სილქნეტთან გააფორმა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შესყიდვის, ქსელური აპარატურის შეძენა-მონტაჟისა და მომსახურების პირობით. ამ ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ სს სილქნეტს უნდა გადაუხადოს ჯამში 6 720 877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) გადარიცხულია უკვე 6 480 877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ სს სილქნეტისგან   2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეადგენს მხოლოდ 2 618 004.82 ლარს", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

როგორც უწყება აღნიშნავს, თავდაცვის სამინისტრომ თავდაპირველად საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვაზე. შემდგომ კი, შესყიდვაში გამარჯვებულ კომპანიასთან, სს სილქნეტთან ხელშეკრულება გააფორმა მხოლოდ ამ მაგისტრალში არსებული კაბელის განსაზღვრული რაოდენობის წვერების შეძენაზე. ეს კი, პროკურატურის შეფასებით, არსობრივად ცვლის საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის რეალურ ობიექტს.

"აღნიშნული ქმედებით გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, ნუგზარ კაიშაურმა, დავით წიფურიამ და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სს სილქნეტის სასარგებლოდ გაფლანგეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872.6 ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვისთვის დაკავებულ პირებს 48 საათში წარედგინებათ ბრალდებები. გამოძიება ასევე მუშაობს ამ დანაშაულში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების გამოსავლენად. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

აღსანიშნავია, რომ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოში არ იმყოფება. 

კომენტარები