ფარული მოსმენები

NGO-ებმა ფარულ მოსმენებზე საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირეს

კამპანიაში "ეს შენ გეხება" შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირეს. კანონპროექტის ალტერნატიული ვერსია ე.წ. გასაღების სასამართლოსა და სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის გადაცემას გულისხმობს. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულები არიან კამპანიაში „ეს შენ გეხება!“ ანონპროექტის განხილვის  გადავადებას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს მზაობა, რომ ე.წ. გასაღები დათმოს, რაც გულისხმობს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სურს, შეინარჩუნოს პირდაპირი წვდომა მოქალაქეების პირად მონაცემებსა და კომუნიკაციებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციებს უჭერენ მხარს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები და უმრავლესობის ნაწილი. მათი შეფასებით, ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უნდა ჰქონდეს. საკანონმდებლო ცვლილებების გადავადების ინიციატორი შალვა შავგულიძე კი აცხადებს, რომ 2 გასაღების იდეა მასაც მოსწონს, თუმცა შეთავაზებას დამუშავება სჭირდება. შავგულიძის განმარტებით, არსებული ვერსია არ არის სრულყოფილი და მასში არ არის გათვალისწინებული რისკები.

დღესვე, ფარულ მოსმენებზე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ მათთვის ცვლილებების გადავადება მიუღებელია. არასამთავრობოების განცხადებით, თუ მოსმენების გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს დარჩება, ისინი პრეზიდენტს ვეტოს დადებას მოსთხოვენ.

პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში კანონპროექტის განხილვის ვადა 1-ლ აპრილამდე გადაიდება.

კომენტარები