საფოსტო კომპანიების გაფიცვა

ენმ: ღარიბაშვილი და მისი სიმამრი საფოსტო სფეროს მონოპოლიზებას ცდილობენ

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი სიმამრი თამაზ თამაზაშვილი საფოსტო სფეროს მონოპოლისტები ხდებიან, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებაშია ნათქვამი.

ენმ-მ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრსა და მის სიმამარს კორუფციულ გარიგებაში სდებს ბრალს.

„2014 წლის 6 იანვარს საქართველოს მთავრობამ თავისი დადგენილებით #40 „ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებით ღონისძიებების შესახებ“ შპს „საქართველოს ფოსტას“ გადასცა საქართველოში სახმელეთო და საზღვაო გზით შემომავალი ამანათის ქვეყანაში შემოტანა და ქვეყნის შიგნით მისი გადაადგილების უზრუნველყოფის მონოპოლია. შემდგომში გადამზიდველების პროტესტისა და ამ დადგენილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ მთავრობამ დადგენილების მოქმედება დროებით შეაჩერა, თუმცა პარალელურად დაიწყო მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს ფოსტას იგივე უფლებების კანონის ძალით მისცემს და რომელსაც პარლამენტი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მიიღებს. სწორედ ამ კანონპროექტს აპროტესტებდნენ დღეს გადამზიდველები. მთავრობის ამ გადაწყვეტილებით „საქართველოს ფოსტა“ მონოპოლიას იღებს სფეროზე, რომლის ბრუნვაც თვეში სპეციალისტთა გათვლებით 190 მილიონი ლარია“, - წერია განცხადებაში.  

ენმ-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ღარიბაშვილი და თამაზაშვილი თავიანთი მონოპოლიური უფლების დელეგირებას რამდენიმე ქვეკონტრაქტორის მეშვეობით აპირებენ, რომელთა შორის ერთ-ერთი შპს „ტოპ ტრანს სერვისია“, რომელსაც ღარიბაშვილ/თამაზაშვილი აკონტროლებენ. 

„ეს კომპანია 2005 წლის 14 ივლისს ირაკლი წელაურმა და გიორგი ენუქიძემ დააფუძნეს. ლევან გაჩეჩილაძის კუთვნილ კომპანია „ჯივიეს“-ის მენეჯერ გიორგი წელაურს ეკუთვნოდა 66%, ხოლო ფირმის დირექტორ გიორგი ენუქიძეს 34%. 2009 წლის 6 ოქტომბერს გიორგი ენუქიძემ უსასყიდლოდ დაუთმო თავისი წილი თამაზ თამაზაშვილის დისშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილ თავჯდომარეს და ამჟამად პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივან ზვიად ჯანყარაშვილს და მხოლოდ დირექტორის თანამდებობაზე დარჩა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ენუქიძის მეუღლე მეგი მათიაშვილი თამაზ თამაზაშვილი შვილის, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ნანუკა თამაზაშვილის ახლო მეგობარია. ასევე აღსანიშნავია, რომ მხარეების წარმომადგენელი პირი იყო თამაზ თამაზაშვილის ვაჟი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი. 2009-2011 წლებში ზვიად ჯანყარაშვილმა და გიორგი ენუქიძემ რამოდენიმეჯერ გაცვალეს წილები და ყველა შემთხვევაში გადაცემა ან უსასყიდლოდ ან ნომინალური ღირებულებით ხდებოდა. 2012 წლის 10 მარტს კომპანიაში კიდევ ერთხელ მოხდა ცვლილება, გიორგი წელაურმა თავისი წილი დაუთმო ჯანყარაშვილის თანასოფლელს თემურ გოზალიშვილს, ზვიად ჯანყარაშვილმა კი ისევ უკან დაუთმო წილი გიორგი ენუქიძეს. ამ შემთხვევაშიც განმცხადებელი ალექსანდრე თამაზაშვილი იყო. როგორც ვხედავთ, დღეს-დღეისობით კომპანია მთლიანად კონტროლდება ღარიბაშვილ/თამაზაშვილის კლანის მიერ“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია ის ფაქტი, რომ „ტოპ ტრანს სერვისი“ წლების განმავლობაში იყო „ქართუ ჯგუფის“ ოფიციალური გადამზიდავი.

„ლოგიკურია, გავიხსენოთ 90-იანი წლები, როდესაც კორუფციული გარიგებების შედეგად, თანხები ბიუჯეტის ნაცვლად სახელმწიფო ბიუროკრატიის, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებული ქვეყნის მართვის ოლიგარქიულ/კორუფციული სქემის წარმომადგენელ არაუფლებამოსილ პირების ჯიბეში მიდის“, - წერია ენმ-ის განცხადებაში.

კომენტარები