პრემიერის განცხადება

პრემიერი: 100 სააკაშვილიც ვერ გაბედავს და ვერ გააკეთებს ვერავითარ არეულობას

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში სტუმრობისას ნაციონალური მოძრაობის მიერ, 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით სააკაშვილი და ენმ დესტრუქციულ ძალას წარმოადგენენ. 

"ნაციონალური მოძრაობა არის ჩვეულებრივი დესტრუქციული ძალა. რომელიც დღითიდღე სუსტდება, არიან პანიკაში. აქვთ შიდა ბრძოლები. და სააკაშვილის ერთადერთი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება გაახანგრძლივოს ამ გუნდის ერთობა. შიგნით საშინელი მდგომარეობა აქვთ ახლა, მე ვიცი ერთმანეთს ვერ იტანენ. ერთმანეთს აძლევენ იმედს. შეგახსენებთ, რომ როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, სააკაშვილმა მაშინვე დაიწყო საუბარი, რომ აი ჩვენ აპრილში დავბრუნდებით და ყველა აპრილზე იყო გადართული. ანუ თავის თავს ატყუებენ. ერთმანეთს ატყუებენ. ერთმანეთს აძლევენ გაუგებარ ენერგიას და გაუგებარ დანაპირებს. შემდეგი იყო შემოდგომა. ახლა შემოდგომა იყო, მერე გაზაფხული იქნება. და ასე იქნებიან და ბოლოს დარჩება 10 კაცი. რაღაც სექტად ჩამოყალიბდება და იქნებიან ასე მანამ სანამ, როგორ გითხრათ..." - აცხადებს პრემიერმინისტრი.

მისივე თქმით, სახელმწიფო ენმ-ს მსგავსი ბოროტი განზრახვების წინააღმდეგ იქნება დაუნდობელი.

"დღეს არათუ 1 სააკაშვილი, არამედ 10 და 100 სააკაშვილიც ვერ გაბედავს და ვერ გააკეთებს ვერავითარ არეულობას. ისინი მიიღებენ ძალიან მწვავე და უკომპრომისო რეაქციას სახელმწიფოსგან. სააკაშვილის ერთადერთი საზრუნავია, ქვეყანაში სიტუაცია აირიოს, რაღაც მოხდეს. მაგრამ მეორეა რეალობა. მინდა შევახსენო ყველას, რომ არავინ წამოეგოს სააკაშვილის მიერ დაგეგმილ ბინძურ პროვოკაციებს სახელმწიფოსა და ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენი სახელმწიფო იქნება დაუნდობელი ასეთი ბოროტი განზრახვის წინააღმდეგ. მათივე სიტყვებით მინდა მივმართო - არც კი იფიქრონ ამაზე. კონკრეტულად ის ინფორმაციაა, რომ ეს ძალა ყოველთვის იქნება მოწოდებული, რომ ქვეყანაში აირიოს სიტუაცია, მოხდეს დესტაბილიზაცია, მაგრამ მეორეა სახელმწიფო ამას არ დაუშვებს არასოდეს. ინფორმაციები გვაქვს, რომ ისინი რაღაცეებს გეგმავენ მუდმივად, მაგრამ სახელმწიფო ამას ძალიან მკაცრად უპასუხებს", - თქვა პრემიერმინისტრმა.

ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა აქამდე ნათქვამი, რომ ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე ათეული ლარის შეძლევით, რამდენიმე ასეული ადამიანის ჩამოყვანას გეგმავს და სურს მათ ერთმანეთი აცემინოს.

"მათ უხდიან 15-დან 50-ლარამდე. მათ სურთ ჩამოიყვანონ რამდენიმე ასეული ადამიანი და ერთმანეთი აცემინონ და შემდეგ თქვან, რომ აი მთავრობამ მოაწყო პროვოკაცია. მათ თავში მუდმივად ასეთი იდეები და აზრები ტრიალებს. მათი ეს მცდელობა არის სასაცილო. იგივეა, რომ შალვა ნათელაშვილმა დაგეგმოს რაღაც. შალვა ნათელაშვილი არის ძალიან ახლობელი სააკაშვილის. რაც არის ნაციონალური მოძრაობა, იგივეა ნათელაშვილი. ერთ დონეზე არიან დასულები უკვე. სერიოზულად უნდა აღვიქვათ შალვა ნათელაშვილის რამე განცხადება?", - თქვა ღარიბაშვილმა. 

მისივე თქმით, "სააკაშვილი, რომელსაც ჰყავდა ჯარი, პოლიცია, ფული, ტიქტატურა ჰქონდა გაფორმებული, ვერ დაუპირისპირდა და ვერც გაბედავდა სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლას. მოვედით ჩვენ, და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა სასწაული მოახდინა და შეცვალა ეს რეალობა. როგორ შეიძლება გონიერმა ადამიანმა დაუშვას, ეს ფიქრი გაუშვას, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ რეალობას შეცვლის? ეს ყალბი რეალობაა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი ტელევიზიები და მისი მხარდაჭერები ქმნიან. ჩვენ ვართ ძლიერი მთავრობა და ჩვენ არათუ სააკაშვილის, არამედ არავის მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციას არ დავუშვებთ ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ შსს-ს მინისტრის მოადგილემ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 315-ე, კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის მუხლით გამოძიება მიმდინარეობს ენმ-ს წინააღმდეგ, პრემიერმა განაცხადა:

"თქვენ ნახეთ იგივე უგულავას სავარაუდო წერილი... არა მე გეუბნებით, რომ ეს ადამიანები ყოველთვის ამას ფიქრობენ, იფიქრებენ. 10-20 წლის მერეც იფიქრებენ მაგას".

კომენტარები