აშშ–საქართველოს ურთიერთობა

სახ.დეპ: გააქარწყლეთ აღქმა, რომ სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებთ

www.state.gov

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობის წევრთა დათხოვნისა და გადადგომების შესახებ განცხადებას აკეთებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, აჩვენოს, რომ ის დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია. სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს აღქმაზე, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ გადადგას ნაბიჯები, რომლითაც ამ აღქმას გააქარწყლებს. გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს:

"შეერთებული შტატები შეშფოთებით აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თავდაცვის მინისტრ ალასანიასა და მისი მოადგილეების დათხოვნას, რასაც ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პეტრიაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ფანჯიკიძის გადადგომა მოჰყვა. ჩვენ დიდად ვაფასებდით სამუშაოს, რომელიც ამ მინისტრებმა თავიანთი ქვეყნის სამსახურში და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისას გასწიეს.

რეგიონში არსებული მღელვარებისა და საშინაო ეკონომიკური გამოწვევების დროს, საქართველოს ინტერესშია სტაბილურობის, ერთიანობისა და იმის დემონსტრირება, რომ ქვეყანა სამართლებრივი პროცედურებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის ერთგულია და რომ საზოგადოება ენდობა დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ ერთად აღნიშნული ამოცანების გადასაჭრელად და ყურადღება გაამახვილონ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები, რათა გააქარწყლოს აღქმა, რომ სასამართლო სისტემა გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისათვის და გვიჩვენოს, რომ ის საერთო დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია".

კომენტარები