საზღვარი

პრემიერი მესაზღვრეებს: ჩვენი სახელმწიფოებრიობა დიდწილად თქვენზეა დამოკიდებული

0 კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი ფოტო: facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს საზღვრების ურყეობა და სახელმწიფოებრიობა, მესაზღვრეების პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სასაზღვრო პოლიციაში 2014 წელს განხორციელებული სასაზღვრო ინფრასტრუქტურული პროექტების ოფიციალურ პრეზენტაციაზე თქვა.

"ჩემო ძვირფასებო, ჩვენი საზღვრების ურყევობა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა დიდად არის დამოკიდებული თითოეული თქვენგანის პროფესიონალიზმზე, თქვენს პასუხისმგებლობასა და თქვენს თავგანწირვაზე", - მიმართა პრემიერმა მესაზღვრეებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რიჩარდ ნორლანდს.

"სულ ახლახანს სამხედრო საზღვაო ძალების გემების საქართველოში მეგობრული ვიზიტის დროს, დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გავაცანით ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მთავრობის წვლილი. ვისაუბრე იმ დახმარებაზე, რომელსაც თქვენ უწევთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. სწორედ აშშ-ის დახმარებით აღიჭურვა სასაზღვრო პოლიციის საზღვრის მართვის სისტემის კავშირგაბმულობა თანამედროვე ტექნიკით და დასრულდა მონტაჟი. ეს გაცილებით ეფექტიანს და მოქნილს გახდის სახელმწიფო საზღვრის ოპერატიულ მართვას. ეს იქნება მართვის და კონტროლის იმ გლობალური სისტემის საფუძველი, რომლის იმპლემენტაციასაც ჩვენი მთავრობა ახლო მომავალში გეგმავს", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ 2014 წელს აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 10 სასაზღვრო სექტორი. ესენია: ორი სასაზღვრო სექტორი საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სამი - საქართველო-სომხეთის საზღვარზე, ორი - საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე და სამი - საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე. პრემიერის განცხადებით, სასაზღვრო ინფრასტრუქტურაში ჯამში 13 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები