შემთხვევა პეკინის ქუჩაზე

შსს-მ 11 ნოემბერს პეკინის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა

შსს-მ 11 ნოემბერს პეკინის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა. სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა 1988 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები ლევან კ. მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ურთიერთშელაპარაკება თანხის გამო მოხდა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ 11 ნოემბერს, ღამით, პეკინის ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას დანით სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ნაცნობს, 1991 წელს დაბადებულ ბექა ბ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით დგინდება, რომ ურთიერთშელაპარაკება თანხის გამო მოხდა, რომელიც ბრალდებულმა ბექა ბ-ს რამდენიმე თვის წინ ასესხა და ამ თანხის დაბრუნებას სთხოვდა. ლევან კ-მ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, ბექა ბ-ს დროებით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ლევან კ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. მკვლელობის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით)", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

11 ნოემბერს, თბილისში, პეკინის გამზირზე სახანძრო სამსახურმა, რომელიც საცხოვრებელ სახლში ხანძრის ჩასაქრობად მივიდა, 25 წლამდე მამაკაცის გვამი აღმოაჩინა.

მეზობლების ცნობით, შემთხვევა დაახლოებით ღამის 12:00-დან 01:00 საათამდე მოხდა. მათივე განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცს ბინა ნაქირავები ჰქონდა და ადგილზე დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მეზობლების ნაწილი აცხადებს, რომ გარდაცვლილი მამაკაცი ტრანსგენდერი იყო. მათვე გამოთქვეს ეჭვი, რომ გარდაცვლილი შესაძლოა, მოკლეს და შემდეგ ხანძარი კვალის დაფარვის მიზნით გააჩინეს.

კომენტარები