საქართველოს ეკონომიკა

ქართული ბიზნესსექტორის 42% პოლიტიკურ არასტაბილურობას პრობლემად მიიჩნევს

მსოფლიო ბანკი
კიმ კიუნგ ჰუნი / REUTERS

მსოფლიო ბანკის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ბიზნესგარემოსთვის უმთავრეს ხელისშემშლელ ფაქტორად პოლიტიკური არასტაბილურობა სახელდება. მსოფლიო ბანკის ანგარიში 360 ფირმის ანონიმური გამოკითხვის შედეგად არის შემდგარი.

გამოკითხული ფირმების 42,1% ბიზნესისთვის არსებულ უმთავრეს რისკად პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებს. ფირმების 21% უმთავრეს პრობლემად ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სირთულეს მიიჩნევს, ხოლო გამოკითხული ფირმების 15%-ის შეფასებით, უმთავრეს პრობლემად გადასახადების მაღალი დონე სახელდება. კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების სრული სია კი ასე გამოიყურება:

1) პოლიტიკური არასტაბილურობა 42%

2) ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სირთულე 21%

3) გადასახადების დონე 15%

4) შავი ბაზარი და არარეგისტრირებული ბიზნესები 7,4%

5) სატრანსპორტო ხარვეზები 2,7%

6) გადასახადების ადმინისტრირების პრობლემები 2,5

7) ხარვეზები ელექტრომომარაგებაში 2,1%

8) არაკვალიფიციური სამუშაო ძალა 2%

9) ტრადიციები და ჩვეულებები 1,5%

10) კორუფცია 1,1%

დიდი ბიზნესების 60%-ის შეფასებით, პოლიტიკური არასტაბილურობა უმთავრესი პრობლემაა. ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესების დაახლოებით 40% მიიჩნევს, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა ბიზნესის კეთებისთვის უმთავრესი ხელისშემშლელი ფაქტორია. 

კორუფციას უმთავრეს პრობლემად გამოკითხული ფირმების მხოლოდ 1% მიიჩნევს, რაც რეგიონის მასშტაბით ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში კორუფცია ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა, რომელსაც უმთავრეს პრობლემად გამოკითხული კომპანიების 33% მიიჩნევს.

კომენტარები