ძაღლების თავშესაფარი

ბუხრაშვილი: ძაღლების თავშესაფრის დახურვის საკითხი არც განხილულა

დღეს, თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შორენა ბუხრაშვილმა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის საკითხზე ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საკრებულო თავშესაფრის დახურვის მომხრეა, უსაფუძვლოა. მისივე განმარტებით, სხდომაზე თავშესაფრის დახურვის საკითხი არც განხილულა.

"ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს საკრებულო თავშესაფროს განხილვის მომხრეა და გარემოს დაცვის კომისიი სხდომა სწორედ ამ მიზნით გაიმართა. განვმარტავთ, რომ სვანიძის ქუჩის მცხოვრებლებმა საკრებულოს წერილით მიმართეს, რომელშიც განმცხადებლები ვერეს ხეობაში ვეტერინარული და ჰიგიენური ნორმების დარღვევის ფაქტს აღნიშნავენ. განცხადებას თან ერთვის დეპუტატების ეკა ბესელიას და შალვა შავგულიძის წერილები. საკრებულოს წევრებმა გამოვიჩინეთ კეთილი ნება და საკითხი დღის წესრიგში ჩავსვით. მისი კონსტრუქციულ ფორმატში განხილვის მიზნით, გარემოს დაცვის კომისიაზე მოვიწვიეთ ორივე მხარე, როგოც განმცხადებლები, ისე თავშესაფრის მეპატრონე თამაზ ელიზბარაშვილი. სხდომაზე უნდა გვემსჯელა, თავშესაფართან არსებული სიტუაცია რამდენად ჯდება კანონის ფარგლებში. ჩვენ ვალდებულები ვართ, მოვუსმინოთ ორივე მხარეს, თუმცა, ის რაც სხდომაზე მოხდა დაპირისპირებულ მხარეებს შორის, იყო მიუღებელი. მოვუწოდებთ ყველას, რომ მსგავსი განხილვების დროს პატივი სცენ საკრებულოს, როგორც თბილისის წარმომადგენლობით ორგანოს. დედაქალაქის საკრებულო მოუწოდებს ყველას, ცრუ ბრალდებებისგან თავი შევიკავოთ. ამ ეტაპზე თემით მიმდინარეობს სპეკულაცია. ასევე, სოციალურ ქსელებში თითქოსდა თავშესაფრის გადასარჩენად, ხელმოწერები გროვდება, რისი საფუძველიც არ არსებობს. ძაღლების თავშესაფრის დახურვის საკითხი გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე არც განხილულა", - განაცხადა ბუხრაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თამაზ ელიზბარაშვილის კუთვნილ ძაღლების თავშესაფარს ანტისანიტარიისა და ხმაურის გამო ადგილობრივი მოსახლეობა უჩივის და მის გადატანას ითხოვს. საკრებულოში გამართული გარემოს დაცვის კომისიის სხდომა, სადაც ამ საკითხს განიხილავდნენ, ფიზიკური დაპირისპირების გამო ჩაიშალა.

კომენტარები