სააკაშვილი: არის ღირსეული საქართველო და, მეორე მხრივ, მიჯირყვნილი საქართველო

“ახლა, როგორც არასდროს, არის მომენტი, როცა მთელი ერი უნდა გავერთიანდეთ და ხმამაღლა ვუთხრათ ივანიშვილს, რომ ქართველი ერი არ იზიარებს მის ოცნებას,” - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.  მიხეილ სააკაშვილმა რუსთაველზე რუსული ანექსიის წინააღმდეგ შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით კიევიდან მიმართა.

“არასოდეს ყოფილა ჩვენ წინაშე მდგარი არჩევანი ასე ცხადი. ჩვენს წინაშეა ორი ურთიერთდაპირისპირებული მოდელი. ერთი, რომლისაც გვჯერა ჩვენ და მეორე, რომელიც უნდა ივანიშვილს. ამ ორ ხედვას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, არის ღირსეული საქართველო და, მეორე მხრივ, მიჯირყვნილი საქართველო. ერთი მხრივ არის საქართველო, რომელიც მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, მაინც იბრძვის საკუთარი ღირსებისთვის და მას უნდა მეორე საქართველო, რომელიც ბაბაიას ეძახის დათვს და მორჩილად მოჰყვება მას ბუნაგში. ერთი მხრივ, არის საქართველო, რომელიც მთელი მსოფლიოს გასაგონად ლაპარაკობს ოკუპაციასა და ჩვენს უფლებებზე, ჩვენს ლტოლვაზე თავისუფლებისკენ და, მეორე მხრივ, მათ უნდათ საქართველო, რომელსაც არ სჯერა, რომ რუსეთს აქვს დაპყრობის გეგმები და აგრესიული ზრახვები ჩვენ და სხვა მეზობლების მიმართ. ერთის მხრივ არის საქართველო, რომელიც მიდის ევროპის გზით და სწამს, რომ მხოლოდ ამ გზას მივყავართ თავისუფლებისკენ, როგორც ეს სულხან-საბა ორბელიანს, დავით აღმაშენებელს, ილია ჭავჭავაძეს სწამდათ, და, მეოეს მხრივ, არის საქართველო, რომელიც უთავმოყვარეოდ კრემლის შიკრიკს, კარასინს უთანხმებს, თუ რა გზით იაროს… ივანიშვილის ოცნებაში არის საქართველო, რომელიც ერთი პროვინციელი დიქტატორის ოცნებაზე არის მორგებული… ივანიშვილის საქართველო არის ჩუმად და ჩვენი საქართველო ხმაურობს, როგორც დღეს ხმაურობს რუსთაველი, როგორც დღეს ხმაურობს თბილისი,” - აღნიშნა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა თავისი სიტყვის დასაწყისში საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძისა და უკრაინაში დაღუპული დათო ყიფიანის ხსოვნას მიაგო პატივი.

“როცა უკრაინას გაუჭირდა, მოქმედი ქართული მთავრობის არცერთი წევრი არ ჩამოსულა აქ, მაგრამ დათო ყიფიანი დადგა, ქართველი გმირი, რომელიც დაიღუპა მაიდანზე. მაგრამ ჩვენი ბიჭები დადგნენ და ახლა დგანან უკრაინულ ფორმაში დონეცკსა და ლუგანსკში, იმიტომ, რომ ისინი იცავენ არა მხოლოდ უკრაინის თავისუფლებას, ისინი იცავენ საქართველოს თავისუფლებას. იბრძვიან არა მხოლოდ უკრაინის დამოუკიდებლობისთვის, არამედ საქართველოს გათავისუფლებისთვის  და დამოუკიდებლობისთვის. მე მინდა ყველამ ქედი მოვიხაროთ კახას ხსოვნის წინაშე, დათოს ხსოვნის წინაშე და იმ ბიჭების წინაშე რომლებიც ასე ღირსეულად წარმოგვადგენენ უკრაინასა და მთელს მსოფლიოში,” - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები