კრიზისი იაპონიაში

იაპონიის პრემიერმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა

Getty Images

იაპონიის პრემიერმინისტრმა შინძო აბემ პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები გამოაცხადა, რომელიც ვადაზე ორი წლით ადრე გაიმართება. აბემ განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის მიზეზი გახდა პარლამენტში არაპოპულარული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილების გაჭიანურება გაყიდვებზე გადასახადის გაზრდის შესახებ.

გადასახადის გაზრდა მთავრობამ წელს უკვე მეორედ დააპირა. აპრილში 5-დან 8%-მდე უკვე გაზრდილი გადასახადი 10%-მდე უნდა გაზრდილიყო, რაც მზარდი საგარეო ვალის პრობლემით იყო გამოწვეული.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ, ბოლო მონაცემებით, იაპონიაში ეკონომიკის ზრდა შეჩერდა და ტექნიკური რეცესია დაფიქსირდა. პრემიერს იმედი აქვს, რომ პარლამენტის ახალი შემადგენლობა საშუალებას მისცემს მთავრობას, მიიღოს არაპოპულარული გადაწყვეტილებები როგორც გადასახადის გაზრდის, ასევე ფუკუშიმას კატასტროფის შემდეგ გაჩერებული ატომური ელექტროსადგურების ამუშავების შესახებ.

კომენტარები