ფარული მოსმენები

შავგულიძე: ჩვენი ფრაქცია მხარს დაუჭერს ხმალაძის მომზადებულ კანონპროექტს

შალვა შავგულიძე
ambebi.ge

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შალვა შავგულიძის განცხადებით, თავისუფალი დემოკრატები ფარულ მოსმენებზე კანონპროექტის ვახტანგ ხმალაძისეულ ვერსიას დაუჭერენ მხარს. შავგულიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფარულ მოსმენებზე წვდომის გასაღები შს სამინისტროდან გავიდეს, რასაც ხმალაძის მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. 

"თავისუფალი დემოკრატები მხარს დავუჭერთ ვახტანგ ხმალაძის ვერსიას, რადგან ამ ვარიანტით, გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროში აღარ რჩება. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი იქნება თანმიმდევრული თავის პოზიციაში და თუ მან დაუშვებლად მიიჩნია კიდევ 3 თვით შსს-ში გასაღების დატოვება, ამ გასაღების სამუდამოდ დატოვებას, რა თქმა უნდა, უფრო არ დაეთანხმება", - აცხადებს დეპუტატი.

პარლამენტში ე.წ. გასაღების თემასთან დაკავშირებით შემუშავებულია კანონპროექტის სამი ვარიანტი. პირველი მათგანი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს - ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილსა და გედევან ფოფხაძეს ეკუთვნით და მისი მიხედვით, გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა ჰქონდეთ. მეორე, ვახტანგ ხმალაძის ვარიანტის მიხედვით, გასაღები კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უნდა გადაეცეს. რაც შეეხება მესამეს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების ვერსია, რომლის მიხედვით, ე.წ. გასაღები სასამართლოს და მობილურ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ.

კომენტარები