ფარული მიყურადება

პარლამენტში მოსმენებზე ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტი დარეგისტრირდა

ცოტა ხნის წინ პარლამენტში, მოსმენებთან დაკავშირებით ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტი დარეგისტრირდა, რაც ე.წ. გასაღების კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის გადაცემას გულისხმობს. ასევე უკვე დარეგისტრირებულია ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის ინიციატივა, რომლის მიხედვით, ე.წ. გასაღები შსს-ს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა ჰქონდეთ.

დღესვე თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნულმა ინსტიტუტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, პარლამენტს ახალი ინიციატივა წარუდგინა. ამ ინიციტივის მიხედვით, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ცენტრალური ბიურო ერქმევა. სსიპ-ის ხელმძღვანელს პრეზიდენტი დანიშნავს. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ კანონპროექტის განხილვა დაგვიანებულია.

მმართველი გუნდის წარმომადგენელთა ნაწილი არ ემხრობა გასაღების შსს-ში დატოვებას. მათ შორის არიან რესპუბლიკელებისა და ეროვნული ფორუმის წარმომადგენლები. ე.წ. გასაღების უწყებაში დატოვებას არც თავისუფალი დემოკრატები ემხრობიან. დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ მოსმენების კანონპროეტზე პრეზიდენტმა კვლავ ვეტო გამოიყენოს. გასაღების შსს- დან გამოტანის მომხრეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც.

ნაციონალური მოძრაობა მზადაა, საკანონმდებლო ორგანოში არასამთავრობო ორგანიზაციების კანონპროექტი დაარეგისტრიროს, რომელიც ამ დრომდე არ არის ინიცირებული. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სასურველი არ იქნება, თუკი მათი პროექტის ინიცირებას ნაციონალური მოძრაობა მოახდენს. ისინი ფიქრობენ, რომ ეს  ხელისუფლებას  არასამთავრობო ორგანიზაციების კანონპროექტის საწინააღმდეგოდ დამატებით არგუმენტებს მისცემს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი არასამთავრობო ორგანზაციების კანონპროექტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რთულად ესახება ე.წ. გასაღების სასამართლში გადატანა.

კომენტარები