გუანტანამოს ციხის პატიმრები

იზორია გუანტანამოს პატიმრებზე: მაქსიმალურად იქნება საზოგადოება დაცული

police.ge

შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას ინფორმაციით, გუანტანამოს ციხის ყოფილი პატიმრების საქართველოში გამოგზავნასთან დაკავშირებით, უწყება იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ საზოგადოება იქნება დაცული. მისივე თქმით, პატიმრები საფრთხეს არ წარმოადგენენ.

"გუანტანამოს ყოფილ პატიმრებთან დაკავშირებით, მსურს, განვაცხადო, რომ ჩვენი სახელმწიფო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან თანამშრომლობს ამ მიმართულებით. ეს არის ჰუმანიტარული აქცია. კერძოდ, ყოფილი პატიმრების რესოციალიზაცია/რეაბილიტაციას ემსახურება. ასეთი უკვე განხორციელდა 2010 წელს, როდესაც 3 ყოფილი პატიმარი იქნა ჩამოყვანილი. ისინი ცხოვრობდნენ უსაფრთხოდ და არ წარმოადგენდნენ საფრთხეს საზოგადოებისთვის. ახლაც 3 ყოფილი პატიმრის ჩამოყვანა ხორციელდება და როგორც უწყება, ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმალურად იქნება საზოგადოება დაცული და მაქსიმალურად იქნება ასევე შესაძლებლობა, ამ ყოფილი პატიმრებისთვის უზრუნველყოფილი, რასაც ჰქვია მათი რესოციალიზაცია/რეაბულიატაცია. როგორც საჯაროდ უკვე ითქვა, 21-ში მოხდება მათი გადმოყვანა. რესოციალიზაცია/რეაბილიტაცია გულისხობს ერთგვარ თავისუფლებასაც. ბუნებრივია, ეს თავისუფლება არ იქნება ისეთი, როგორიც სხვა მოქალაქეებს აქვთ. ისინი იქნებიან დაკვირვების ქვეშ და ის ბალანსი, რაც სჭირდება მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას და მათ დაცვასაც, იქნება უზრუნველყოფილი", - თქვა შს მინისტრის მოადგილემ.

იზორიას თქმით, პატიმრების განთავსების ადგილი საიდუმლო ინფორმაციაა. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ გუანტანამოს ციხიდან სამი პატიმარი საქართველოში გამოაგზავნა. პენტაგონის ინფორმაციით, ციხე სულ 5-მა მსჯავრდებულმა დატოვა, მათგან 2 სლოვაკეთში გადაიყვანეს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები აფასებს იმ მხარდაჭერას, რომელსაც ის მეგობრებისა და მოკავშირეებისგან იღებს. არსებული ინფორმაციით, პატიმრები ჯერ კიდევ 2010 წელს უნდა გაეთავისუფლებინათ, რადგან აშშ-ის ხელისუფლებამ ისინი ქვეყნისთვის საშიშად არ მიიჩნია. გუანტანამოს ციხეში ამ დროისთვის 143 პატიმარი რჩება.

გუანტანამოს ციხიდან საქართველოში 3 პატიმარი 2010 წელსაც გამოაგზავნეს. ციხე ოფიციალურად 2002 წლის იანვარში გაიხსნა სპეციალურად იმ პირებისთვის, რომლებიც ტერორისტულ აქტებში მონაწილეობდნენ ან ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ედებათ ბრალი. 2009 წლის 21 იანვარს ბარაკ ობამამ ციხის დახურვის ბრძანებას ხელი მოაწერა, თუმცა, კონგრესის უარის გამო, გუანტანამო ამ დრომდე არ დახურულა.  

კომენტარები