რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ვოლსკი: აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია

აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ის გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის შემოთავაზებას - საქართველო შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, მოიწვიოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა და გააუქმოს აბაშიძე-კარასინის ფორმატი.

„ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკისგან საკმაოდ მძიმე შედეგები მივიღეთ და რეალობაში ბევრ შემოთავაზებას არ უნდა ავყვეთ, არ უნდა დავუჯეროთ და უფრო სწორი ანალიზი უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისი განცხადებით, მოლაპარაკებები რთული თემაა და არაა ისე, როგორც ნაციონალურ მოძრაობას სურს, რომ წარმოაჩინოს, თუმცა მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია.

„ამ ფორმატის გადახედვა არ მოხდება. ევროკავშირმა მკაფიოდ პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატა საქართველოს სტრატეგიის მიმართ და ამასაც გააჩნია გარკვეული შინაარსი და საფუძველი - სტრატეგიული ხედვები და არა ემოციები, რომელსაც გვკარნახობს ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, საგანგებო რეზოლუცია შეიმუშავა. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ უახლოეს დღეებში უნდა გადადგას სამი მთავარი ნაბიჯი - შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, მოიწვიოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა და გააუქმოს აბაშიძე-კარასინის ფორმატი. ამასთან, ბაქრაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, "გვერდზე გადავდოთ განხვავებები და უთანხმოებები, დავსხდეთ ერთად და შევიმუშაოთ ის პოლიტიკა, სტრატეგია და ნაბიჯები, რომელიც დაგვეხმარება, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა რუსეთის სამართლებრივი ანექსიისგან".

კომენტარები