პრემიერის ინტერვიუ

პრემიერი: უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდება, ომის ესკალაციას გამოიწვევს

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

Financial Times-თან ინტერვიუში საქართველოს პრემიერმინისტრმა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. ღარიბაშვილმა დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას საკამათო უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ომის ესკალაციის რისკს შეიცავს.

"ღარიბაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ სანქციები რუსეთის ქმედებებს ვერ შეცვლის, ხოლო ისეთი საკამათო ნაბიჯები, როგორიც დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაა, ომის ესკალაციის რისკს შეიცავს", - წერს Financial Times. 

ღარიბაშვილის თქმით, დასავლეთის მხრიდან 2008 წელს საქართველოში რუსულ აგრესიაზე უფრო მკაცრი რეაგირების არარსებობამ მოსკოვი დააჯერა, რომ ინტერვენცია უკრაინაში დაუსჯელად ჩაივლიდა. 

"მოსკოვთან დასავლეთის ლიდერებმა უნდა წარმართონ მოლაპარაკებები", - აღნიშნა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ კრიზისის დასასრულებლად რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი დიალოგია საჭირო. პრემიერი ამტკიცებს, რომ მხოლოდ სანქციებით სიტუაციის მოგვარება შეუძლებელია.

სტატიის ავტორი რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებას მიმოიხილავს და ამბობს, რომ ეს ყველაზე მასშტაბური დოკუმენტია, რაც მოსკოვს მარიონეტ რეჟიმთან აქამდე გაუფორმებია.

გამოცემა აფხაზეთსა და დნესტრისპირეთს შორისაც ავლებს პარალელს.

 

კომენტარები