ნანუაშვილმა ლაფანყურის სპეცოპერაციაზე საზოგადოებრივი საბჭოს ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა არასამთავრობოებს, დიპლომატებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს ომბუდსმენის აპარატთან შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს ანგარიში წარუდგინა, რომელშიც ლაფანყურის სპეცოპერაციისას განვითარებული მოვლენებია დოკუმენტირებული. აღნიშნული საბჭო ნანუაშვილმა გასული წლის ოქტომბერში შექმნა.

სახალხო დამცველის თქმით, საზოგადოებრივმა საბჭომ გამოკვეთა საკითხები, რაზეც საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა პასუხი უნდა გასცენ. საბჭოს აზრით, ამ საკითხებზე ინფორმაციის მიღება აუცილებელია როგორც 2012 წლის 28–29 აგვისტოს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებისათვის, ასევე მთელი საზოგადოებისთვის.

საზოგადოებრივი საბჭოს აზრით, მნიშვნელოვანია, პარლამენტმა მთავარი პროკურატურისგან მოითხოვოს შემდეგი ინფორმაცია - რა საფუძვლით იძიებს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი და რატომ არ იღებს პროკურატურა საქმეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, შსს-ს დაქვემდებარებიდან; რა ეტაპზეა გამოძიება და რატომ ჭიანურდება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება; რატომ არ ენიჭებათ სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს დაზარალებულის სტატუსი და რატომ არ მიეწოდებათ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ამასთან, გარდაცვლილ პირთა ოჯახის წევრებისათვის უცნობია ექსჰუმაციის შედეგად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები.

საბჭომ გამოკვეთა შემდეგი საკითხები:

"1. იმ დროს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უკანონო შეიარაღებული ჯგუფის წევრები საქართველოში ჩრდილო კავკასიიდან შემოვიდნენ. ანგარიშში წარმოდგენილი ფაქტები საპირისპირო გარემოებებს წარმოაჩენს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გაირკვეს, რა მიზანს ემსახურებოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ არაერთი დღის განმავლობაში საზოგადოებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება;

2. უცნობია, როდის და როგორ მოხვდნენ საქართველოში უკანონო შეიარაღებული ჯგუფის წევრები და როგორ დატოვეს (ან დატოვეს თუ არა) ჯგუფის გადარჩენილმა წევრებმა საქართველოს ტერიტორია. მიუხედავად იმისა, რომ, ოფიციალური ინფორმაციით, ჯგუფის გარდაცვლილი წევრებიდან ყველას (ბაჰაუდინ ქავთარაშვილის გარდა) დატოვებული ჰქონდა საქართველოს ტერტორია 2012 წლის 28 აგვისტოს, საზოგადოებრივი საბჭოს მიერ მოძიებული ინფორმაციით, საპირისპირო დასტურდება;

3. რატომ განსხვავდება უკანონო შეიარაღებული ჯგუფის გარდაცვლილი წევრების რაოდენობის შესახებ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია (11 პირის შესახებ) ამჟამად არსებული მონაცემებისგან (7 პირი);

4. რატომ ასაიდუმლოებდა საქართველოს ხელისუფლება უკანონო შეირაღებული ჯგუფის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნას, მაშინ როცა დადასტურებულია, რომ სპეცოპერაციის ჩატარებამდე სამართალდამცავი ორგანოებისათვის ცნობილი იყო ჯგუფის წევრების უმრავლესობის ვინაობა;

5. საქართველოს საგამოძიებო ორგანოები ადასტურებენ, რომ სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა (არც შეიარაღებული ჯგუფის წევრების და არც საქართველოს სამართალდამცავ უწყებათა წარმომადგენლების) სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზები არ ჩატარებულა. საქართველოს სახალხო დამცველს მიეწოდა ექსჰუმაციის შედეგად ჩატარებული ყველა ექსპერტიზის ასლი, თუმცა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის მასალები არ არის საჯარო და საქართველოს სახალხო დამცველი არ არის უფლებამოსილი გაასაჯაროოს ამ დოკუმენტების შინაარსი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველისათვის გადმოცემული მასალების შესწავლა ცხადყოფს, რომ შესაძლოა, იკვეთებოდეს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავთა მიერ არასათანადო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტები, რაც გამოძიების ამ მხრივ წარმართვის აუცილებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს;

6. საზოგადოებრივმა საბჭომ და სახალხო დამცველის აპარატმა ვერ მოიპოვა ინფორმაცია, ჩატარდა თუ არა, როდის და რომელი უწყების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნივთმტკიცებათა ამოღება. 2014 წლის 16 მაისს ადგილზე გასვლის შედეგად, დადგინდა, რომ ადგილზე კვლავ არაერთი სავარაუდო ნივთმტკიცება მოიპოვება;

7. საქართველოს შს სამინისტროს მიერ წარმოებულ გამოძიებაში დღემდე არის არაერთი ხარვეზი. საქმეზე ეფექტიანი, ობიექტური და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მიზნით კვლავ აუცილებელია დაიწყოს გამოძიება სამართალდამცავთა მიერ ლეტალური ძალის გამოყენების მართლზომიერების და პროპორციულობის შესასწავლად; გამოძიებული უნდა იყოს სპეცოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების გარემოებები. გამოძიება წარიმართოს (მათ შორის, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს) საქართველოს პროკურატურის მიერ. გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიენიჭოთ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი და უზრუნველყოფილი იყოს გამოძიების პროცესში მათი ეფექტური მონაწილეობა", - აღნიშნა ნანუაშვილმა.

საზოგადოებრივი საბჭო მიიჩნევს, რომ წინამდებარე ანგარიშში დასმულ საკითხებზე პასუხის გაცემა და საზოგადოების ინფორმირება არსებითია, იმისთვის, რათა 2012 წლის 28-29 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის გარშემო არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს პასუხი გაეცეს.

ლაფანყურის სპეცოპერაცია 2012 წლის 28-29 აგვისტოს ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. მაშინდელი ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციის მიზანი იმ ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების ლიკვიდაცია იყო, რომლებმაც ლოპოტის ხეობაში მცხოვრები 5 ადამიანი გაიტაცეს. ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოების ნაწილი. მთავრობის ცვლილების შემდეგ, საკითხის გამოძიება თავიდან დაიწყო. 

კომენტარები