რელიგია

პაპისა და პატრიარქის ახალი ნაბიჯი ეკლესიათშორის დიალოგში

დალოცეთ რომის ეკლესია და დამლოცეთ მე - ასე მიმართა სტამბოლში, ისტორიულ კონსტანტინეპოლში ვიზიტისას, პაპმა ფრანცისკემ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს და მის წინაშე ქედი მოიხარა. თავის მხრივ მსოფლიო პატრიარქი საუკუნეების წინ განყოფილი ეკლესიის მეთაურს თავზე ემთხვია.

ფრანცისკემ ამ ჟესტით კიდევ ერთხელ დაიმდაბლა თავი პატრიარქის წინაშე, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიებში თანასწორთა შორის პირველად მოიხსენიება.

აქამდე რამდენიმე თვით ადრე, პაპმა და პატრიარქმა ერთობლივად მოილოცეს იერუსალიმი. მაშინ ქრისტეს საფლავთან ფრანცისკე ბართლომეოსს ხელზე ემთხვია.

მიუხედავად იმისა, რომ ორ ეკლესიას შორის ურთიერთობისა და დიალოგის ფორმები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მეოცე საუკუნეში დაწყებული საღვთისმეტყველო დიალოგი ჯერ-ჯერობით ადგილზე დგას. მართლმადიდებელი და კათოლიკეები ზოგიერთ დოგმატურ საკითხზე, მათ შორის პაპის უცდომლობაზე ვერ თანხმდებიან. 
დოგმატური განსხვავებების პირობებში, რომისა და კონსტანტინეპოლის პირველიერარქებს მიაჩნიათ, რომ საუკუნეების წინ წარმოქმნილ საეკლესიო განხეთქილებაში ადამიანური ფაქტორების შემცირება პირველია, რამაც შეიძლება გზა გაუხსნას გრძელ გზას საბოლოო ერთიანობამდე. ერთიანობის შესახებ პაპმა ფრანცისკემ საღვთო ლიტურღიის დროს ისაუბრა.

„მსურს ყოველი თქვენგანი დავარწმუნო, რომ სასურველი მიზნის - სრული ერთიანობის - მისაღწევად კათოლიკე ეკლესია არ აპირებს თავს მოახვიოს არავითარი მოთხოვნები მართლმადიდებელ ეკლესიებს, გარდა საერთო რწმენის აღიარებისა. ჩვენ მზად ვართ ერთად, სახარების შუქსა და პირველი ათასწლეულის გამოცდილების გათვალისწინებით, ვეძებოთ შესაძლებლობები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ აუცილებელი ერთობა თანამედროვეობის პირობებში. ერთადერთი, რაც სურს კათოლიკე ეკლესიას და რასაც მე ვესწრაფვი როგორც რომის ეპისკოპოსი, ეს არის მართლმადიდებელ ეკლესიებთან ერთიანობა სიყვარულში“ - განაცხადა პაპმა.

საღვთო ლიტურგიის შემდეგ, ფრანცისკემ და ბართლომეოსმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი სადაც ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანთა დევნა გააპროტესტეს.

სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორი ეკლესიის ერთიანობაზე საუბარი ნაადრევია, რადგან არც კათოლიკე და არც მართლმადიდებელი ეკლესიები დოგმატების გადახედვას არ აპირებენ. თუმცა ვინც ისტორიას იცნობს, მიხვდება, რომ აივანზე ერთად მდგარი პაპისა და პატრიარქის ხილვა, უკვე პროგრესია იმასთან შედარებით, რაც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა - სრული გათიშულობა აღმოსავლეთის ეკლესიებსა და რომს შორის.

კომენტარები