სამხრეთის ნაკადი

პუტინი: რუსეთმა სამხრეთის ნაკადის გაზსადენის მშენებლობა შეაჩერა

სამხრეთ ნაკადის გაზსადენი არ აშენდება. ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა 1-ლ დეკემბერს თურქეთის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა.

პუტინის თქმით ამის მიზეზი, პროექტისადმი ევროკომისიის არაკონსტრუქციული პოზიცია და ის ფაქტი იყო, რომ ვერ მიიღეს ბულგარეთისგან უფლება პროექტის მის ტერიტორიაზე არსებულ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში შესვლის შესახებ.

"არ შეგვიძლია ამ პროექტის დაწყება ახლა, როდესაც ჯერაც არ მიგვიღია ბულგარეთისგან უფლება ამ პროექტის ბულგარეთის ტერიტორიაზე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში შესვლის შესახებ. აბსურდულია, რომ ასობით მილიონი დოლარი ჩავდოთ პროექტში, გავიაროთ მთელი შავი ზღვა და ბულგარეთის საზღვართან გავჩერდეთ. როგორ წარმოუდგენიათ ეს ჩვენს კოლეგებს? სწორედ ამიტომ, თუ ევროპას არ უნდა განხორციელება, ჩვენ არ განვახორციელებთ,” - აღნიშნა პუტინმა.

პუტინმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთი თავისი გაზის ნაკადებს მსოფლიოს სხვა რეგიონებზე მიმართავს და აითვისებს სხვა ბაზრებს, რომელთა მოცულობას ევროპა ვერ მიიღებს.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ შეესაბამება ევროპის ეკონომიკურ ინტერესებს და ვნებს ჩვენს ურთიერთთანამშრომლობას. მაგრამ, ჩვენი ევროპელი მეგობრები, ბოლოს და ბოლოს, მყიდველები არიან და ეს მათი არჩევანია,” - თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, მისთვის არაერთხელ უთქვამთ ბულგარელ კოლეგებს, რომ სამხრეთის ნაკადის პროექტის განხორციელება მათ ეროვნულ ინტერესში შედიოდა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ. მან აღნიშნა, რომ თუ ბულგარეთს არ შეუძლია იმოქმედოს, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ, მაშინ ევროკომისიას ის თანხა მაინც უნდა მოთხოვოს, რაც პროექტის დასრულების შემთხვევაში ქვეყნის მიერ მიღებული სარგებელი იქნებოდა. მხოლოდ ტრანზიტისთვის ბულგარეთს წელიწადში 400 მილიონი ევრო უნდა მიეღო.

ამის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს ააშენოს ახალი მილსადენი რათა თურქეთის ეკონომიკის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

“თურქეთის ზრდადი მოთხოვნილების გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ, არა მარტო გავაფართოვოთ სამხრეთის ნაკადი, არამედ ავაშენოთ კიდევ ერთი მილსადენი სისტემა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ თავად თურქეთის ეკონომიკის ზრდადი მოთხოვნები. ხოლო თუ ეს მართებულად ჩაითვლება, მაშინ თურქეთის ტერიტორიაზე, საბერძნეთის საზღვართან, შევქმნით გაზის დამატებით ცენტრს, სამხრეთ ევროპელი მომხმარებლებისთვის," - აღნიშნა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ნაკადის მშენებლობა გაზპრომმა 2012 წლის დეკემბერში საზეიმოდ გახსნა. პროექტი შავ ზღვაში (რუსეთის შავის ზღვის სანაპიროდან ბულგარეთამდე და შემდგომში სახმელეთო მილსადენით ავსტრიამდე) ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. განხორციელების შემთხვევაში ის რუსეთს საშუალებას მისცემდა, უკრაინისა და პოლონეთის გვერდის ავლით, ევროპისთვის ყოველწლიურად დაახლოებით 63 მილიარდი კუბური მეტრი აირი მიეწოდებინა.

კომენტარები