ლარის კურსის ვარდნა

ხადური: კურსი დასტაბილურდება, ფასები არ გაიზრდება

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

საქართველოს ფინანსთა მინისტრს იმედი აქვს, რომ ლარი მომავალი კვირის განმავლობაში დასტაბილურდება. ამის შესახებ  ნოდარ ხადურმა ტელეიმედის გადაცემა რეაქციაში  განაცხადა.

“მე იმედი მაქვს, რომ პიკზეა ასული გაცვლითი კურსი და მომავალი კვირის განმავლობაში დასტაბილურდება და შესაძლებელია ქვემოით დაიწიოს”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე "რა მაჩვენებელიც არის, იძლევა იმის თქმის გარანტიას, რომ ფასების ზრდა არ უნდა მოხდეს".

კითხვაზე, რა ნიშნულზე შეიძლება მივიდეს კურსი, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ძალიან სენსიტიური თემაა და აქ პროგნოზების გაკეთება არ შეიძლება.       

ფინანსთა მინისტრმა ლარის გაუფასურების რამდენიმე მიზეზი დაასახელა.

“გაკეთდა ანალიზი და ყველა ვალუტის მიმართ დოლარი არის გაძვირებული. ანუ ყველა ვალუტამ დათმო პოზიციები დოლარის მიმართ. მეტსაც გეტყვით, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, დღეს დოლარი არის ყველაზე მყარი, იზრდება მისი ფასი და, შესაბამისად, არის სხვა ვალუტების კლება. ჩვენი ყველა მეზობელი, აზერბაიჯანის გარდა, რომელსაც აქვს თავისუფალი მცურავი კურსი, იმ ქვეყნებშიც გაუარესებულია გაცვლითი კურსი, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებიც არიან საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორები: თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი. შესაბამისად, საგარეო ფაქტოირი გასათვალისწინებელია”, - აღნიშნა ხადურმა. მისი თქმით, შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან გზავნილები შემცირდა. 

კომენტარები