საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საგარეო უწყება: წვრთნები ცხინვალის რეგიონში საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფს

kvira.ge

ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ სამხედრო საველე წვრთნების ჩატარებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული წვრთნები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფაა. 

"წვრთნების ფარგლებში, 58-ე არმიის სამხედროები და ოფიცრები გადიან მასშტაბურ საარტილერიო სწავლებას სხვადასხვა საცეცხლე სისტემებიდან სროლებში და ეუფლებიან უახლესი რადიოლოკაციური კომპლექსების გამოყენებას. სწავლებაში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეტევითი ხასიათის სახეობები, როგორიცაა თვითმავალი ჰაუბიცების МСТА-С და რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემები ТОРНАДО-Г, რადიოსალოკაციო კომპლექს Зоопарк-1 დახმარებით, რომელიც აღჭურვილია სანავიგაციო სისტემით ГЛОНАСС.  სულ საველე წვრთნებში მონაწილეობას იღებს ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და ორასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა.

რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშირისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას და საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას." - ვკითხულობთ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოითხოვს რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციას. ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას აღნიშნულ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს.

კომენტარები