გერმანია-საქართველოს ურთიერთობა

კერესელიძე: შტაინმაიერის ვიზიტი საქართველოში ძალიან დროული და მნიშვნელოვანია

ტაბულა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერა და სოლიდარობის გამოხატულებაა. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, შტაინმაიერი, რომელიც დღეს სამუშაო ვიზიტით ჩამოდის, შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს. კერესელიძის თქმით, საუბრის თემა იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, გერმანიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და სხვა აქტუალური საკითხები. 

"ჩვენ ამ ვიზიტს ვაფასებთ, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის და სოლიდარობის გამომხატველ ვიზიტს. გერმანიასთან, როგორც NATO-ს და ევროკავშირის ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანასთან, ჩვენი დიალოგი არის უმნიშვნელოვანესი. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მივესალმებით საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს საქართველოში და ვთვლით, რომ ეს არის ძალიან კარგი, დროული და მნიშვნელოვანი", - აღნიშნა კერესელიძემ. 

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს დღეს ეწვევა. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სამუშაო ვიზიტი ხვალ დასრულდება.

კომენტარები