ბიუჯეტი 2015

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს პარლამენტი პარასკევს მიიღებს

2015 წლის ბიუჯეტს პარლამენტი პარასკევს მიიღებს. ბიუჯეტის უკვე მესამედ ჩასწორებულ პროექტს საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრი წარადგენს. 2015 წლის ბიუჯეტი ცხრა მილიარდ ოთხასი მილიონი ლარით განისაზღვრა და მთავარი პრიორიტეტები ჯანდაცვა, განათლება და ინფრასტრუქტურა იქნება. საპარლამენტო ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრები ამბობენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ. 2015 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები.

აღსანიშნავია, რომ 9.4 მილიარდი ლარით განსაზღვრული ბიუჯეტიდან საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილი 7.9 მილიარდი ლარია, დეფიციტი კი საგარეო და საშინაო ვალით დაფინანსდება. საქართველო 2015 წელს 920 მილიონი ლარის ოდენობით საგარეო, 400 მილიონი ლარის ოდენობით კი საშინაო ვალს აიღებს. სახელმწიფო ვალის სრული მოცულობა 11.4 მილიარდი ლარით განისაზღვრება, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 35%-ია.

ამასთან, 2014 წლის ბიუჯეტი სავარაუდოდ ვერ შესრულდება. ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ საკანონმდებლო ორგანოში. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი ამბობს, რომ 2014 წლის ბიუჯეტის შესრულებას პრობლემები ექნება და ის 95-96%-ით შესრულდება. მმართველის გუნდის წევრები ფინანსთა მინისტრის პროგნოზს იზიარებენ და ამბობენ, რომ წლევანდელი ბიუჯეტის შესრულებას პრობლემები არ შეექმნება.

კომენტარები