საქართველოს ეკონომიკა

საქსტატი: 2014 წლის მესამე კვარტალში შემოსული უცხოური ინვესტიციები გაორმაგებულია

საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2014 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა (FDI) $508 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 99%-ით აღემატება. 2014 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მსხვილი $181 მილიონიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მშენებლობის სფეროში განხორციელდა, რაც 2014 წლის მეორე კვარტალში მთლიანად ყველა სექტორში განხორციელებულ ინვესტიციას აღემატება.

საქსტატის მონაცემებით, 2014 წლის მეორე კვარტალში ამ მაჩვენებელმა $150 მილიონი შეადგინა, რაც 2013 წლის მონაცემთან შედარებით 27%-ით ნაკლებია. მეტიც, მეორე კვარტალში შემოსული ინვესტიციები გასული ათი წლის მინიმუმს წარმოადგენდა, მაშინ ექსპერტებმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის შემცირებაზე დაიწყეს საუბარი.

მესამე კვარტალში ყველაზე დიდი $149-მილიონიანი ინვესტიცია ჩინეთიდან შემოვიდა, რაც უპირატესად სამშენებლო სექტორისკენ იყო მიმართული. საინტერესოა, რომ ჩინური ინვესტიცია წლის პირველ და მეორე კვარტალში მხოლოდ $8 მილიონს შეადგენდა. გასულ წელს ჩინური ინვესტიციის მოცულობამ $89 მილიონი შეადგინა. 

საქსტატის მონაცემებით, უმსხვილეს ინვესტორებს შორის მოხვდნენ

  • ჩინეთი (29%)
  • აზერბაიჯანი (19%)
  • ნიდერლანდები (18%)
  • პანამა (9%)
  • მალტა (7%)
  • გაერთიანებული სამეფო (5%)
  • აშშ  (5%)
  • თურქეთი (4%)
  • და რუსეთი (3%)

ინვესტიციების ყველაზე დიდი ნაწილი მშენებლობაზე მოდის (36%). მეორე ადგილზე ტრასნპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორია (21%). უძრავი ქონება (12%), დამამუშავებელი მრეწველობა (9%) საფინანსო სექტორი (8%), ენერგეტიკაზე კი განხორციელებული ინვესტიციების 7% მოდის.

უცხოური ინვესტიციების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის ეროვნული ვალუტის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია.

საქსტატის მონაცემებით, 2014 წლის მანძილზე უკვე შემოსულია $924 მილიონის მოცულობის პირდაპირი ინვესტიცია, რაც გასული წლის პირველ სამ კვარტალში შემოსულ ინვესტიციებს $209 მილიონით აღემატება.

კომენტარები