საყდრისი-ყაჩაღიანი

საყდრისზე სააგენტოს გადაწყვეტილება ანთიძეს პრესკონფერენციაზე გაუპროტესტეს

ტაბულა

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის პრესკონფერენციაზე, რომელიც საყდრის-ყაჩაღიანის საბადოს ეხებოდა, ინციდენტი მოხდა - პრესკლუბ კვირაში საყდრისის მცველები მივიდნენ და სააგენტოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ანთიძემ პრესკონფერენცია სტუდენტების ბრალდებების შემდეგ დატოვა. პროტესტის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ საყდრისში სამუშაოების განახლებაზე პასუხისმგებელი პირები, მათ შორის ნიკოლოზ ანთიძე, კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ. მოძრაობა მწვანე მუშტის წარმომადგენლის თქმით, ანთიძემ მათ რამდენიმე დღის წინ შეხვედრაზე პირობა მისცა, რომ საყდრისში სამუშაოები არ გაგრძელდებოდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე გერმანელი და ბულგარელი ექსპერტების დასკვნას იშველიებს, რომლის მიხედვით, როგორც ანთიძე ამბობს, საყდრისში არქეოლოგიური ნიმუშების აღმოჩენა სავარაუდო აღარ არის. მისივე თქმით, არტეფაქტები სამუზეუმო სივრცეში უნდა გადავიდეს, სამუშაოების განახლება კი კანონის სრული დაცვით მოხდა. სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია შესწავლის მიზნით უკვე გადასცა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას.

კომპანია RMG GOLD-მა საყდრისზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები 13 დეკემბერს განაახლა. კულტურის სამინისტრომ საყდრისის მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2013 წლის ივლისში მოუხსნა. რამდენიმე თვის შემდეგ, საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს არქეოლოგიური ძეგლის სტატუსიც მოეხსნა. კულტურის სამინისტროს 2014 წლის 13 მარტის ბრძანებით კი, RMG GOLD-მა სამთო სამუშაოების შესრულების ნებართვა მიიღო. ნებართვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაასაჩივრა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, კულტურის სამინისტროს 13 მარტის ბრძანება გაუქმდა, შესაბამისად, კომპანიას სამუშაოების ჩატარების უფლება შეუჩერდა.

კომენტარები