რუბლის ვარდნა

რუსეთის მთავრობა ეკონომიკის გადასარჩენად საგანგებო ზომებზე მუშაობს

Ilya Pitalev / RIA Novosti

რუსეთის მთავრობამ რუბლის კატასტროფულ ვარდნასთან დაკავშირებით საგანგებო თათბირი გამართა. რუსული მედიის ცნობით, პრემიერმა დმიტრი მედვედევმა მთავრობის წევრებს ანტიკრიზისული პროგრამის მომზადება დაავალა. ეკონომიკის მინისტრის ალექსეი ულუკაევის განცხადებით, შემუშავდა ქვეყანაში ფინანსური სტაბილიზაციის ზომები. მთავრობა კონკრეტულ წინადადებებს ხვალისთვის მოამზადებს.

ცენტრალური ბანკის მიერ დღეისთვის დადგენილი რუბლის ოფიციალური კურსი დოლარში 61, ხოლო ევროში 76 რუბლია. გუშინდელი ვაჭრობის განმავლობაში დოლარის 80-ს, ხოლო ევროს კურსი 100-ს სცდებოდა. გადამცვლელ პუნქტებში ერთო დოლარს 80, ხოლო ევროს 140 რუბლად ყიდიან.

ვლადიმირ პუტინი კი ხვალინდელი დიდი პრესკონფერენციისთვის ემზადება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, რაიმე სპეციალური განცხადების გაკეთებას რუბლის კურსის ვარდნის შესახებ პუტინი არ აპირებს.

მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში კი ქართული წარმოშობის ბიზნესმენმა თავი მოიკლა. რუსულმა ტელეარხმა Lifenews-მა 68 წლის ივანე შერვაშიძის სიცოცხლის ბოლო წუთების ამსახველი კადრები გაავრცელა. მედია ვარაუდობს, რომ ბიზნესმენის თვითმკვლელობის მიზეზი კრიზისით გამოწვეული ფინანსური პრობლემებია.

კომენტარები