ქართველი მებრძოლი უკრაინაში

თავდაცვის სამინისტრო გრიგოლაშვილის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ენმ-ს აკისრებს

Facebook.com

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტრო გრიგოლაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს აკისრებს.

განცხადების წაშლამდე, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ facebook გვერდზე კრიტიკულ კომენტარებს შლიდნენ. ფოტო სამინისტროს მას შემდეგ წაშალა, რაც პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება გავრცელდა. პრემიერმინისტრმა დღეს განაცხადა, რომ მას აღნიშნული განცხადება არ მოსწონდა, ისევე როგორც მინისტრ ჯანელიძეს. გთავაზობთ თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გამოქვეყნებული განცხადების ტექსტს:

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2008 წლის დეკემბრიდან, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველზე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან" - ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრე გრიგოლაშვილი ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიესთან დაიღუპა. ცნობილია, რომ უკრაინელ მებრძოლთა ჯგუფი ჩასაფრებაში მოჰყვა, რის შედეგადაც ორი მებრძოლი დაიღუპა. გრიგოლაშვილი უკრაინაში რამდენიმე თვე იმყოფებოდა, იგი აიდარის სადაზვერვო ქვედანაყოფს მეთაურობდა. ეს უკრაინაში ქართველ მებრძოლებს შორის პირველი მსხვერპლია.

კომენტარები