შობა

სომეხ ხალხს შობა პაატა ზაქარეიშვილმა და ზაზა ვაშაყმაძემ მიულოცეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს.

"მინდა, მოგილოცოთ ქრისტეშობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულები და ყველა ოჯახს ვუსურვო ბედნიერება, წარმატება და კეთილდღეობა. 2015 წელი ყოფილიყოს წინსვლისა და განვითარების მომტანი ჩვენი ხალხისათვის", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

სომეხ ხალხს შობის დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემაც.

"სომხეთის სამოციქულო ეკლესიას, საქართველო-სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარს, არქიეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს, ეკლესიის მრევლს: თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა და მეგობრობა ჭეშმარიტი სიყვარულის, პატივისცემისა და ურთიერთგაგების გამოხატულებაა, რაც კიდევ უფრო გვაკავშირებს და გვაერთიანებს.  სიწმიდის, სინათლისა და სიხარულის ამ ბრწყინვალე დღეს მშვიდობას, კეთილდღეობასა და დღეგრძელობას გისურვებთ ჩვენი საერთო სამშობლოს - საქართველოს საკეთილდღეოდ", - ნათქვამია მილოცვის ტექსტში.

6 იანვარს სომხური სამოციქულო ეკლესია შობისა და ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. 

კომენტარები