ტერაქტი პარიზში

ქართველ მუსლიმთა კავშირი ტერაქტზე: ვგმობთ ამ ანტიჰუმანურ აქტს!

ქართველ მუსლიმთა კავშირი გმობს პარიზში, სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტს. ტაბულას ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ, ტარიელ ნაკაიძემ განუცხადა, მის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

"თითოეული ქართველი მუსლიმი შეძრულია ისლამის სახელით განხორციელებული საზარელი ტერორისტული აქტით. ჩვენ, საქართველოს მოქალაქე მუსლიმები ვგმობთ ამ საზარელ ფაქტს და სამძიმარს ვუცხადებთ ფრანგ ხალხსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ისლამი ტოლერანტობის, სიყვარულის, მშვიდობის რელიგიაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტერორიზმმა ვერ გაიმარჯვოს!

მოვუწოდებთ მსოფლიოს მუსლიმებს, დაგმონ ეს ბარბაროსული, ანტიჰუმანური აქტი, რომელიც მიმართულია კაცთა შორის მშვიდობის, გამოხატვის თავისუფლებისა და პიროვნების ღირსების წინააღმდეგ. ის მიმართულია ჩვენი რწმენის ფუნდამენტის წინააღმდეგ.

რელიგიის სახელით განხორციელებული ძალადობა, რელიგიის პირველი მტერია. მაგრამ ჩვენ, ნამდვილ მუსლიმებს მიგვაჩნია, რომ ტერორიზმსა და ფუნდამენტალიზმს არ აქვს რელიგია. სამწუხაროდ, ესა თუ ის რწმენა ხშირად გამოიყენება სიძულვილისა და ძალადობის გასავრცელებლად.

ქართველი მუსლიმი თავის შვილს ასწავლის დემოკრატიისა და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულებას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემას, რელიგიურ ტოლერანტობასა და ნებისმიერი იდენტობის ნიშნით ადამიანის დისკრიმინაციის დაუშვებლობას.

გულწრფელად ვწუხვართ, რომ ზოგიერთი მოქალაქის მიერ, ტერორისტული სისაძაგლის გვერდით მოვიხსენიებით. ეს არა მხოლოდ შეურაცხმყოფელია, არამედ გახლავთ დიდი უსამართლობა მშვიდობისმოყვარე ქართველ მუსლიმთა მიმართ.

კიდევ ერთხელ ვგმობთ ამ ანტიისლამურ, ანტიჰუმანურ აქტს და მოვუწოდებთ ძალაუფლების მქონე ყველა პირს, შეაჩეროს, აღმოფხვრას და დასაჯოს ყველა ტერორისტი" - აცხადებს ნაკაიძე ტაბულასთან საუბარში.

კომენტარები