პრემიერის ვიზიტი ლატვიაში

ირაკლი ღარიბაშვილი ფედერიკა მოგერინის შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ეფექტური იმპლემენტაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული საფრთხეები იყო.

"ირაკლი ღარიბაშვილმა ფედერიკა მოგერინის მიაწოდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის შემდეგ, „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერას რუსეთი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთანაც გეგმავს და ამ საკითხზე ევროკავშირის უმაღლესი პირების მკაფიო პოზიცია უმნიშვნელოვანესია.

მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში მოიწვია და ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელსაც ხელისუფლება ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით ახორციელებს.

პრემიერის განცხადებით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპამ გადადგას კონკრეტული ნაბიჯი და ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი დადებითად გადაწყდეს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი პროცედურების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში საქართველო რიგის სამიტზე წარმატებული მაგალითი გახდება. პრემიერმინისტრმა ევროკავშირის უმაღლეს წარმოამდგენელს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა პროკურატურის რეფორმირებას იწყებს", - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

ირაკლი ღარიბაშვილი და ფედერიკა მოგერინი საერთაშორისო კონფერენციის - „ევროპის განვითარების წელი" ფარგლებში შეხვდნენ, რომელიც რიგაში დღეს გაიხსნა.

კომენტარები