საგარეო ვაჭრობა

აზერბაიჯანმა ავტოიმპორტზე ახალი გადასახადი დააწესა

autobazroba.com

აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანომ მილი მეჯლისმა ავტოიმპორტზე ახალი გადასახადი დააწესა. ქვეყნის საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად იმპორტირებულ ავტომობილებსა და იახტებზე აქციზის გადასახადი დაწესდა. აქციზის გადასახადის რაოდენობა ავტომობილის ძრავის მოცულობაზე არის დამოკიდებული. აზერბაიჯანმა გასულ წელს 2006 წლამდე წარმოებული ავტომობილებისთვის კიდევ ერთი რეგულაცია აამოქმედა, რის გამოც ქართველი ავტოდილერები ამ თარიღამდე წარმოებული ავტომობილების რეალიზაციას აზერბაიჯანში ვეღარ ახდენენ. 

აქციზის გადასახადი 3000 კუბურ სანტიმეტრზე ნაკლები მოცულობის მქონე ძრავისთვის 400 მანეთი ანუ 977 ლარი იქნება. 4000 კუბურ სანტიმეტრამდე ძრავისთვის აქციზის გადასახადი 4634 ლარი იქნება, 5000 კუბურ სანტიმეტრამდე ძრავისთვის კი - 5900 მანეთი ანუ 14392 ლარი. 

აღნიშნული ცვლილებები ქართველ ავტოდილერებზე უარყოფით გავლენას მოახდენს, 2014 წელს აზერბაიჯანში ექსპორტირებული ავტომობილების ღირებულება $146 მილიონით შემცირდა, აღნიშნული რეგულაციების შემდეგ კი ექსპორტი კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ქართველ ავტოდილერებთან ერთად რუსი დილერებიც დაზარალდებიან, ცვლილებების შედეგად აზერბაიჯანში ავტომობილების ღირებულება გაიზრდება. 

აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანში ახალი რეგულაციების დაწესება გავლენას ქართულ ბაზარზეც ახდენს.

კომენტარები