საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო თავისუფალ თაობას მოუწოდებს, რომ იდენტობასთან აქცია არ ჩაატაროს

საქართველოს საპატრიარქო იდენტობასთან თავისუფალი თაობის მიერ დაანონსებულ აქციას განცხადებით გამოეხმაურა და მათ აქციის ჩატარებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

"გვინდა ყველას მადლობა გადავუხადოთ მხარდაჭერისა და მორწმუნეთა თანადგომისთვის. მაგრამ შეგახსენებთ, რომ შობის დღეები სიმშვიდისა და სიყვარულის დღეებია. ჩვენ არ უნდა ავყვეთ მავანთა პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დაძაბულობის შექმნაა. ვაცნობიერებთ რა ამ საშიშროებას, თხოვნით მივმართავთ ორგანიზატორებს, თავი შეიკავონ ღონისძიების ჩატარებისგან. კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისა და კეთილგონირებისკენ" - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოს შეფასებით, იდენტობამ დაამახინჯა საშობაო ეპისტოლეს აზრი, რითაც "მორწმუნეთა დიდი აღშოთება" გამოიწვია.

"როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ორგანიზაცია "იდენტობის" წევრებმა და ყოფილმა ხელმძღვანელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს აზრი დაამახინჯეს, რითაც მორწმუნეთა დიდი აღშფოთება გამოიწვიეს. გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია და ჩვენ მას ვაღიარებთ. მაგრამ აქვე ავღნიშნავთ, რომ ეს თავისუფლება არავის მიერ და, მათ შორის, არსამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, არ უნდა იქნეს გამოყენებული საზოგადოების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ქვეყანაში სამოქალაქო სიმშვიდის დარღვევისთვის" - ვკითხულობთ განცხადებაში.

თავისუფალი თაობა იდენტობის ოფისთან აქციის გამართვას ხვალ 17 საათზე გეგმავს. ლადო სადღობელაშვილი იდენტობის ახლა უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, ირკალი ვაჭარაძეს პატრიარქის ეპისტოლესთან დაკავშირებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდას სთხოვს. მისი თქმით, ვაჭარაძე ეპისტოლეს გაკრიტიკებით მართლმადიდებლობას შეურაცხყოფს და იმ შემთხვევაში, თუ ვაჭარაძე ბოდიშს არ მოიხდის, იდენტობამ არსებობა უნდა შეწყვიტოს. თავისუფალი თაობა არც იმას გამორიცხავს, რომ იდენტობის დახურის მოთხოვნით აქციებმა პერმანენტული სახე მიიღოს. 

კომენტარები