ტერაქტი პარიზში

ტერაქტში ეჭვმიტანილმა, სავარაუდოდ, თურქეთისა და სირიის საზღვარი გადაკვეთა

პარიზში, ქოშერულ მაღაზიაში მძევლების აყვანაში ეჭვმიტანილმა 26 წლის ჰაიატ ბუმედინმა საფრანგეთი დატოვა და თურქეთისა და სირიის საზღვარი გადაკვეთა. ამის შესახებ ფრანგული მედია პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

ფრანგული მედიის ცნობით, აჰმედ კულიბალის მეგობარმა ქალმა - ბუმედინმა საფრანგეთი ტერაქტამდე ადრე დატოვა. კულიბალი ის პირია, რომელმაც ქოშერულ მაღაზიაში გუშინ მძევლები აიყვანა, მათგან რამდენიმე დახოცა, ხოლო შემდეგ თავად ანტიტერორისტული ოპერაციისას, პოლიციამ მოკლა.

როგორც ფრანგული მედია იუწყება, ბუმედინმა რეისი მადრიდიდან სტამბოლის მიმართულებით 2 იანვარს დაჯავშნა, ხოლო სირიის საზღვარი 8 იანვარს გადაკვეთა. ანუ მას შემდეგ, რაც ძმებმა კუაშებმა Charlie Hebdo-ზე ტერაქტი განახორცილეს.

Le Monde-ს ცნობით, ბუმედინი თურქეთში მამაკაცთან ერთად ჩაფრინდა. მასზევე დაყრდნობით, 2014 წლის განმავლობაში ბუმედინმა შერიფ კუაშის ცოლს 500-ზე მეტჯერ დაურეკა, რაც ადასტურებს ტერორისტ ძმებსა და მის პარტნიორ აჰმედ კულიბალს შორის კავშირს.

ცნობისთვის, პოლიცია პარიზში მოკლული ტერორისტების თანამზრახველებს ეძებს. მთავარი ფიგურა ჰაიატ ბუმედინია, რომელმაც, სავარაუდოდ, პარიზში აჰმედ კულიბალისთან ერთად ქოშერულ მაღაზიაში მძევლები აიყვანა, შემდეგ კი გაქცევა მოახერხა. მას პოლიციელები აღწერენ, როგორც შეიარაღებულსა და საშიშს.

საფრანგეთის პოლიციამ გუშინ ანტიტერორისტული ოპერაცია ორ ადგილას ჩაატარა. ერთი ხსენებულ ქოშერულ მაღაზიასა და მეორე ჟურნალ შარლი ებდოს თავდასხმაში მონაწილე ძმებ კუაშების წინააღმდეგ, რომელთაც პარიზის ჩრდილოეთით საწყობში ასევე მძევლები ჰყავდათ აყვანილი. აღსანიშნავია, რომ აჰმედ კულიბალი ძმებ კუაშების გათავისუფლებას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. სამართალდამცველებმა ოპერაციების შედეგად, სამივე მამაკაცი მოკლეს. დაიღუპნენ მძევლებიც. ჯამში, 3 დღის განმავლობაში ტერორისტებმა 17 ადამიანი მოკლეს

 

კომენტარები