საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს ეკლესიის ოთხმა ეპისკოპოსმა ეპარქიები გაცვალა

წმინდა სინოდი
wikipedia.org

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ოთხი ეპისკოპოსი ეპარქიიდან ეპარქიაში გადაიყვანეს. ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე, რომელიც ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას მწყემსავდა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსად დადგინდა, ხოლო მისი ადგილი, მარგვეთისა და უბისის ყოფილმა ეპისკოპოსმა, დიმიტრი კაპანაძემ დაიკავა. თავის მხრივ, გარდაბნისა და მარტყოფის ყოფილმა ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ, ეპარქია გაუცვალა აგარაკ წალკის ყოფილ ეპისკოპოს იოანე შომახიას.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ზაფხულში, მეუფე მელქისედეკ ხაჩიძის წინააღმდეგ მრევლი პროტესტს გამოთქვამდა, რადგან მან, დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მღვდელი ნიკოლოზ ლომსაძე ტაძრიდან გადაიყვანა. როგორც ტელეკომპანია ობიექტივის მიერ მომზადებული რეპორტაჟიდან ირკვევა, მღვდელმა ნიკოლოზ ლომსაძემ 2003 წელს ჯვარი დაწერა ირაკლი ღარიბაშვილსა და ნუნუ თამაზაშვილს.

ტაბულას მაშინ ინფორმირებული წყარო უყვებოდა, რომ მელქისედეკ ხაჩიძის წინააღმდეგ მრევლის პროტესტი, პრემიერის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის მიერ იყო ორგანიზებული. წყაროს ინფორმაციით, მღვდელმთავარი თამაზ თამაზაშვილს პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მოსწონდა. მრევლმა საპატრიარქოში პროტესტის წერილიც გაგზავნა, სადაც ეპისკოპოს მელქისედეკის პოლიტიკურ შეხედულებებზე წერდა და მას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კადრად განიხილავდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად (თავი II, §4, 10), ერთი ეპარქიიდან მეორეში მღვდელმთავრის გადაყვანა მხოლოდ წმინდა სინოდს შეუძლია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის წარდგინებით. წმინდა სინოდის ბოლო, 23 დეკემბრის სხდომის ოქმში არაფერი იყო ნათქვამი ეპარქიების გაცვლასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ტაბულა შეეცდება საქართველოს საპატრიარქოში გაარკვიოს, დაირღვა თუ არა სინოდის დადგენილების გარეშე ეპარქიიდან ეპარქიაში მღვდელმთავრის გადასვლით საეკლესიო სამართალი. ჩვენ ასევე დავინტერესდებით, რას უკავშირდება ეპარქიების გაცვლა.

კომენტარები