საგარეო ვაჭრობა

2014 წელს საქართველოს ექსპორტი 2%-ით შემცირდა

autobazroba.com

საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს საქართველოს ექსპორტმა $2,86 მილიარდი შეადგინა, რაც 2013 წლის მონაცემებთან შედარებით 2%-ით ნაკლებია.

2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა, რამაც ქართულ პროდუქციას ევროკავშირის ბაზარზე დამატებითი ტარიფებისა და მოსაკრებლების გარეშე შესვლის საშუალება მისცა. თუმცა აღნიშნული შეთანხმება საქართევლოს ექსპორტის ზრდისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ევროკავშირთან ვაჭრობა საქართველოს მთლიანი ვაჭრობის მხოლოდ 21%-ს შეადგენს, ექსპორტის ნახევარზე მეტი კი დსთ-ის ქვეყნებზე მოდის.

საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები, როგორიცაა: რუსეთი, სომხეთი და უკრაინა, გასული წლის მანძილზე ფინანსური არასტაბილურობით გამოირჩეოდნენ, რის გამოც ამ ქვეყნებში საქონლის ექსპორტი შედარებით რისკიანი გახდა. საქართველოს ყველაზე მსხვილმა საექსპორტო ქვეყანამ აზერბაიჯანმა გასულ წელს ავტოექსპორტზე ახალი რეგულაციები დაამტკიცა, რომლის შედეგადაც აღნიშნულ ბაზარზე 2006 წლამდე წარმოებული ავტომობილები ვეღარ ხვდებიან. რეგულაციების შემოღების შემდეგ საქართველოს ავტოექსპორტი $146 მილიონით შემცირდა. 

2015 წლის პირველი იანვრიდან აზერბაიჯანმა ავტოექსპორტზე კიდევ ერთი რეგულაცია აამოქმედა, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანში შესული ყოველი ავტომობილი სააქციზო გადასახადით იბეგრება. აქციზის დაწესება ქართველ ავტოდილერებს აზერბაიჯანში ავტომობილების რეალიზებას კიდევ უფრო გაურთულებს. 

გასული წლის დეკემბერში საქართველოს ექსპორტმა $235 მილიონი შეადგინა, ხოლო იმპორტი - $628 მილიონი. ექსპორტისგან მიღებული შემოსავლები იმპორტის ღირებულებას ვერ ფარავს, რაც განვითარებული ქვეყნის შემთხვევაში მნიშვნელოვან პრობლემას არ წარმოადგენს; თუმცა საქართველოს მსგავს განვითარებად ქვეყანაზე უარყოფითად აისახება. ექსპორტის შემცირება ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს.

კომენტარები