რუსეთ-საქართველო

ჯაფარიძე: 12 რუსული ავიაკომპანიის შემოსვლა ქვეყნის ინტერესებს აზიანებს

zonanews.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პირობებით ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. ჯაფარიძე ასევე ამბობს, რომ 12 რუსული ავიაკომპანიის შემოსვლით რუსეთის ხელში კიდევ ერთი ეკონომიკური ბერკეტი აღმოჩნდება, რომელსაც ის საჭირო დროს ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებს. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ ზოგიერთი რუსული კომპანიის შემოსვლა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონსაც დაარღვევს. ჯაფარიძემ ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"2014 წლის 26 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებამ შესთავაზა საქართველოს ხელისუფლებას რეგულარული საჰაერო ფრენების აღდგენა მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ინიციატივის წინასწარი განხილვა მოხდა ე.წ. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატში, თუმცა იმის გამო, რომ ეს მოლაპარაკებები დახურულია როგორც საქართველოს მოსახლეობის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ამის კონკრეტული მტკიცებულება სამწუხაროდ არ გვაქვს.

აღნიშნულ ნოტაში რუსეთის მხარე საქართველოს სთავაზობს ისეთ პირობებს, რომლებიც საზიანო არის საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. აღნიშნულ ნოტას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა 2014 წლის 8 ივლისის ნოტით, რომლითაც საქართველოს მთავრობამ უაპელაციოდ თანხმობა განაცხადა ყველა იმ ნორმის შესრულებაზე, რომელთაც აყენებდა რუსეთი.

2014 წლის 18 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი ნოტა გამოაგზავნა, რომლითაც ფაქტობრივად მოითხოვა საქართველოსგან მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მარშრუტზე 12 რუსული ავიაკომპანიის დაშვება. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ქვეყნის მოსახლეობის ზურგსუკან ქვეყნის საზიანო გარიგებების დადებას ოკუპანტ სახელმწიფოსთან. ჩვენი აზრით ყოვლადდაუშვებელია საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენა იმ პირობებით, რომელსაც რუსეთი თავს ახვევს საქართველოს.

თუ ეს შეთანხმება განხორციელდება, მაღალი ალბათობით, რუსული, მათ შორის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული და პირადად პუტინის ავიაკომპანიები, საქართველოს ბაზარზე შემოვლენ დემპინგური ფასებით, რაც გამოიწვევს ქართული საავიაციო ბაზრის მთლიანად მიბმას რუსეთზე და ქვეყნიდან განდევნის სხვა, უცხოურ გადამზიდავებს. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, არსებული მგზავრთა ნაკადის მოცულობის პირობებში გაუგებარია რაში სჭირდება რუსეთს 12 ავიაკომპანიის შემოყვანა ქართულ ბაზარზე. ოკუპანტი სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდება კიდევ ერთი ეკონომიკური ბერკეტი, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს საქართველოს წინააღმდეგ, მაშინ როცა ამისი დრო დადგება.

საქართველოს ბაზარზე რეგულარული რეისებით შემოვლენ ისეთი კომპანიები, რომლებიც მოხვდნენ დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებში, მაგალითად ასეთი არის უტეარი, ასეთი არის დაბრალიოტი, რომელიც წარმოადგენს აეროფლოტის შვილობილ კომპანიას. შემოვლენ პირადად პუტინის ავიაკომპანიები, როგორიც არის იგივე უტეარი, შემოვლენ კომპანიები, რომლებიც არიან სახელმწიფო დოტაციაზე რუსეთში და აქვთ ძალიან დიდი მოცულობით ვალები, მათ შორის გაზპრომისა და როსნეფტის, ასეთი არის მაგალითად ტრანსარეო და შემოვლენ ისეთი ავიაკომპანიები, რომლებიც არღვევენ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, ასეთია მაგალითად აეროფლოტი, რომელმაც ერთ-ერთი ბოლო რეისი სოხუმში განახორციელა 2014 წლის 30 სექტემბერს.

ჩვენი აზრით, აღნიშნული შეთანხმების განხორციელება არის დაუშვებელი, რადგან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ინტერესებთან და ზრდის ქვეყნის წინაშე არსებულ პოტენციურ საფრთხეებს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები