მეგის ქარდავას საქმე

მეგის ქარდავას სერგო თეთრაძის საქმეზე 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას სერგო თეთრაძის საქმეზე 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მეორე ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება, რომელმაც სერგო თეთრაძის წამების ეპიზოში ქარდავა გაამართლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო სსკ-ის 144-ე პრიმა და 138-ე მუხლებით, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობას და წამებას გულისხმობს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამნისტიის კანონის თანახმად, მეგის ქარდავას სასჯელის 1/4 მოაკლდა და საბოლოოდ, თავისუფლების აღკვეთა 9 წლით განესაზღვრა.  

პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 19 სექტემბერს დააკავეს. ის 25 სექტემბერს გლდანის ციხეში გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა დასახელდა. ახალი ხელისუფლების პირობებში კი ხელახალი გამოძიება დაიწყო.

ცნობისთვის, მეგის ქარდავას დღემდე ინტერპოლი ეძებს. მას რამდენიმე საქმეზე პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე (9 წელი). გარდა ამისა, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ქარდავა დამნაშავედ ცნო დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში და მას სამი წელი მიუსაჯა.

კომენტარები