თბილისის ბიუჯეტი

ენმ: მერიამ ავარიული შენობების გასამაგრებელი ბიუჯეტი შვიდჯერ შეამცირა

timer.ge

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, თბილისის მერიამ გააუქმა დედაქალაქის ძველი მთავრობის მიერ ჩატარებული ტენდერები, რის გამოც, თბილისის უბნებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეჩერდა. ენმ აღნიშნავს, რომ მათ შორის გაუქმდა ტენდერები, რომელთა შედეგადაც, გასული წლის სექტემბერში უნდა დაწყებულიყო ათეულობით ავარიული საცხოვრებელი შენობის გამაგრება. ოპოზიციური ფრაქციის განცხადებით, ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების გამაგრებისათვის თბილისის 2014 წლის ბიუჯეტში 41 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, რომელიც ქართულმა ოცნებამ  ორი სეკვესტრის შედეგად 7-ჯერ შეამცირა და საბოლოოდ 6 215 400 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, ენმ-ის განმარტებით, გამაგრების გარეშე დარჩა ის ათეულობით საცხოვრებელი კორპუსიც, სადაც სამუშაოები უკვე დასრულებული უნდა იყოს. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს თბილისის მერს, შეამციროს საკუთარი თანამდებობის პირებზე დასახარჯი ადმინისტრაციული ხარჯები, უარი თქვას "ნეპოტისტური ინტერესების დასაკმაყოფილებლად" შტატების ხელოვნურად გაბერვაზე, გამორიცხოს კორუფციის რისკები სამსახურების საქმიანობაში და გამოთავისუფლებული თანხები მიმართოს იმ საცხოვრებელი კორპუსების გამაგრებაზე, რომელთა პროექტები უკვე შედგენილია დედაქალაქის წინა მთავრობის დროს და რომელთა გამაგრება 2014 წელს იყო დაგეგმილი.

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ ქართული ოცნების და თბილისის მერის დავით ნარმანიას ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა თბილისის წინა მთავრობის მიერ წამოწყებული პროექტების ეფექტურად გაგრძელება უნდა ყოფილიყო. ამის ნაცვლად, დავით ნარმანიამ პირველივე რაც გააკეთა, უკვე ჩატარებული ტენდერების შედეგების გაუქმება და შესაბამისად, თბილისში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შეჩერება იყო. მათ შორის გაუქმდა ტენდერები, რომელთა შედეგადაც უკვე სექტემბერში უნდა დაწყებულიყო ათეულობით ავარიული საცხოვრებელი შენობის გამაგრება, რასაც იქ მაცხოვრებელი ასეულობით ოჯახი დღემდე უშედეგოდ ელოდება. ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების გამაგრებისათვის თბილისის 2014 წლის ბიუჯეტში 41 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, რომელიც ,,ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული ორი სეკვესტრის შედეგად შემცირებული იქნა დაახლოებით 7-ჯერ და საბოლოოდ 6 215 400 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, გამაგრების გარეშე დარჩა ის ათეულობით საცხოვრებელი კორპუსიც, სადაც სამუშაოები უკვე დასრულებული უნდა იყოს.

გაურკვეველია ამ კორპუსების ბედი 2015 წლის განმავლობაშიც, რადგან ამ მიმართულებით თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში მხოლოდ 7 550 000 ლარია გათვალისწინებული. იქიდან გამომდინარე, რომ 2014 წელს უკვე დაწყებული შენობების გამაგრებაზე 2015 წლის ბიუჯეტიდან გადასახდელი თანხა შეადგენს დაახლოებით 3 800 000 ლარს, ეს ნიშნავს რომ წელს მთელ თბილისში ჯამში მაქსიმუმ 5-6 კორპუსის გამაგრება განხორციელდება.

ასეთი ბუნდოვანი პერსპექტივა აქვს, მაგალითად: ვარკეთილი 3, მე-3ა მ/რ # 330 კორპუსს, რომელიც მწვავე ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება. მისი გამაგრების მიზნით ტენდერი დასრულებული იყო და სამუშაოები უკვე 2014 წლის ზაფხულში უნდა დაწყებულიყო. თუმცა დავით ნარმანიას გაუაზრებელი გადაწყვეტილებების გამო ამ კორპუსში მაცხოვრებელი ოჯახები საშიშროების წინაშე დღემდე რჩებიან" - აცხადებს ენმ.

კომენტარები