საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წულუკიანი: იმედია, გომელაური შსს-ს სამართლიანობისთვის ბრძოლის სტრუქტურად აქცევს

იუსტიციის მინისტრი მიესალმება ვახტანგ გომელაურის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნას. თეა წულუკიანის განცხადებით, ახალი მინისტრი მისი და მისი თანაგუნდელების "თანამებრძოლი იყო უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ". იუსტიციის მინისტრი წარმატებას უსურვებს ვახტანგ გომელაურს და იმედოვნებს, რომ საზოგადოების იმედსა და მოლოდინს გაამართლებს.

„ეს არის ადამიანი, რომელიც ჩვენთან ერთად, ქართულ ოცნებასთან ერთად იყო ბრძოლაში − ბრძოლაში ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, მე მაქვს იმედი, რომ ის ამ სამინისტროს სამართლიანობისთვის ბრძოლის სტრუქტურად აქცევს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გამართლოთ ხალხის იმედი, ის მოლოდინი, რისთვისაც აგვირჩიეს და დაგვნიშნეს ამ თანამდებობებზე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა ახალ მინისტრად ვახტანგ გომელაური გუშინ წარადგინა. გომელაური ალექსანდრე ჭიკაიძის პირველი მოადგილე იყო და მისი გადადგომის შემდეგ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე კი გომელაური ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსად მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საქართველოს პრემიერმინისტრს 23 იანვარს მიმართა. მისი განცხადებით, "ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს". ჭიკაიძე აღნიშნავდა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს. ამავე დღეს გადადგა თბილისის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ოთარ მირზოევიც. ამასთან, ბოლო პერიოდში რამდენიმე ის მაღალი თანამდებობის პირი გადადგა, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის და თამაზ თამაზაშვილის კადრებად მოიაზრებოდნენ. მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი, სუს-ის უფროსი მალხაზ ჩიკვილაძე, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი და გურიის გუბერნატორი.

კომენტარები