ემზარ კვიციანის საქმე

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ემზარ კვიციანი პატიმრობიდან გაათავისუფლა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ემზარ კვიციანი დარბაზიდან გაათავისუფლა. ადვოკატი პროცესის დაწყებამდე აცხადებდა, რომ პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება მიღწეული იყო და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდნენ.

"სასამართლომ განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე, დამნაშავედ სცნო წარდგენილ მსჯავრში, მას სასჯელის სახით და ზომად 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა მოხდილად ვადის გავლის გამო" - ნათქვამია სასამართლო განაჩენში. ემზარ კვიციანი, პატიმრობიდან, სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

ემზარ კვიციანს ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ თექვსმეტი წლით პატიმრობა მიუსაჯა, რის შემდეგაც ის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.

ემზარ კვიციანი ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებული იყო, მისი ხელმძღვანელობით გასამხედროებული ორგანიზაცია მონადირე ხეობის ყველა სოფელს აკონტროლებდა.

მის უშუალო კავშირი ჰქონდა აფხაზ სეპარატისტებთან და რუსული არმიის წარმომადგენლებთან. მონადირე ვარდების რევოლუციის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ დაშალა, კვიციანის სპეციალური სტატუსი კი აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ საერთოდ გააუქმა.

2006 წელს მან დაუმორჩილებლობა გამოუცხადა ცენტრალურ ხელისუფლებას და თანამოაზრეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით თანადგომისკენ მოუწოდა. კვიციანი წართმეული პრივილეგიების დაბრუნებას ითხოვდა.

მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად კოდორის ხეობაში სპეცოპერაცია დაიწყო. პოლიციელებმა რამდენიმე საათში მოახერხეს კვიციანის ყველა თანამებრძოლის განიარაღება, თავად აჯანყების მეთაურმა თავი რუსეთის მიერ კონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიას შეაფარა. სამართალდამცავი უწყებების მიერ გასაჯაროებული ფაქტები ადასტურებდა, რომ კვიციანი თბილისში ქართველ პოლიტიკოსებთან, ხოლო სოხუმში რუსეთის მარიონეტ სამხედროებთან ათანხმებდა შემდგომ ნაბიჯებს.

მიუხედავად მისი მტკიცებისა, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ემზარ კვიციანი 2006 წლიდან თავს სწორედ რუსეთის ფედერაციას აფარებდა, სადაც მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.

კომენტარები